გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი 20 ივნისს კონტრაქციას - საკითხზე დღეს უმრავლესობაში კომენტარები გაკეთდა. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ "ეს მოგონილი, ფეიკ ნიუსია".
„შემიძლია სრული პასუხისმგებლობით და გარანტიით ვთქვა, რომ ეს არის მოგონილი „ფეიკ ნიუსი“, მოდელირებული ამბავი. მივმართავ ყველა მედიასაშუალებას, თუ ვინმეს ამ ქვეყანაში პრეტენზია აქვს ობიექტურობაზე, კარგად დაინტერესდეს, რატომ მოიგონა ერთმა თუ ორმა ტელევიზიამ ეს ამბავი იმისთვის, რომ ან ვთქვათ გაებრაზებინათ მოქალაქეები, რომ ამის გამო მოვიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და ახალგაზრდების გარკვეული ნაწილის მიერ დაგეგმილ აქციაზე, ან დააპირისპირონ საზოგადოება, ან მერე თქვან, რომ „აი, ჩვენ რომ ვთქვით, შეეშინდათ და აღარ გააკეთეს კონტრაქციაო“. ბევრი ვერსია შეიძლება იყოს,“ - განაცხადა მდინარაძემ.
"არ ვაპირებთ 200 „ნაციონალს" დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია. მათ აქვთ უფლება შეიკრიბონ, შეიკრიბებიან და ამით დასრულდება ეს ყველაფერი"- ამბობს "ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი კობახიძე.
„ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ოპოზიცია და მისი ტელევიზიები ავრცელებენ რაღაც „ფეიკნიუსებს“ და შემდეგ თვითონვე აკრიტიკებენ ხოლმე თავისივე შექმნილ „ფეიკნიუსს“, რაც არის აბსურდი. ჩვენ არ ვაპირებთ 200 „ნაციონალს" დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია. მათ აქვთ უფლება შეიკრიბონ, შეიკრიბებიან და ამით დასრულდება ეს ყველაფერი. ჩიხში არიან ისინი შესულები, ჩაკარგულები არიან საკუთარ ტყუილებში. არც ვიცი რა შედეგი უნდა მოყვეს ამ ყველაფერს, უბრალოდ გამჯდარი აქვთ სისხლში ტყუილი და კიდევ ერთელ მოიტყუეს კონტრაქციაზე. თუ ვინმე იქ შეიკრიბება, ეს არის პროვოკაცია და ბუნებრივია ასეთი პროვოკაცია საიდან შეიძლება მოდიოდეს, ამაზე პასუხი არის მარტივი და ნათელი,"- განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






