„პოლიტიკურად პრობლემატური განცხადება“ - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის საქმეს ეხებოდა.
კობახიძე ამბობს, რომ დანაშაულია, როცა გაქვს ინფორმაცია და შესაბამის სტრუქტურებს არ აწვდი.
„თუ ინფორმაცია გაქვს მოსამზადებელი ან პროცესში მყოფი დანაშაულის თაობაზე და არ აწვდი შესაბამის ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს, ეს არის დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოება. აქედან გამომდინარე, უნდა დავინტერესდეთ ამ განცხადებების როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური მხარით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება დანაშაულის აღკვეთას, მისი განცხადებით, ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას, რაც გამოჩნდა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც.
„როცა ამ ყველაფერს ვაანალიზებთ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლებას აქვს კონტროლქვეშ ვითარება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი განმარტებით, მთავარი არის გამოძიების პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით.
„მათ უნდა მოგვცენ ინფორმაცია გამოძიების დასრულების შემდეგ, თუ რასთან გვქონდა საქმე, რა პროცესი იყო ამ ყველაფრის უკან და, საბოლოო ჯამში, რა შეიძლებოდა ყოფილიყო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






