13 ამერიკელი კონგრესმენის მონაწილეობით შედგენილ სტრატეგიულ დოკუმენტზე, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, როგორც პუტინის მოკავშირეზე, რომლის წინააღმდეგაც კონგრესმენები სანქციების დაწესებას ითხოვენ, კომენტარი გააკეთა ერთ-ერთმა კონგრესმენმა დონ ბეიკონმა.
რა ათქვა კონგრესმენმა და რა ინტერპრეტაცია მისცა მას სახელისუფლო მედიამ და თავად ქართული ოცნების ლიდერებმა.
„ნიუპოსტი“ გთავაზობთ ამონარიდს კონგრესმენის ინტერვიუდან, რომელიც მას ჟურნალისტმა ოლეგ კუროპტევმა ონლაინ-გადაცემა „სასაზღვრო ზონაში“ [ Пограничная ZONA] დაუსვა.
„მე არ დამიწერია დოკუმენტის ეს ნაწილი. თუმცა ჩვენ დავიქირავეთ ტექნიკური ექსპერტები, რომლებიც დაგვეხმარნენ მის შედგენაში.
ვიტყოდი, რომ მე ამ დოკუმენტის უფრო სტრატეგიულ ნაწილზე ვმუშაობდი. ჩვენ გვინდა ახლო ურთიერთობა საქართველოსთან. საქართველო ჩვენი მეგობარია - ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია.
იმავეს ვფიქრობ უკრაინაზე. ჩვენ ვისურვებდით, უკრაინელი ხალხი ვიხილოით დასავლური გუნდის წევრებად.
ჩვენ გვსურს ვიხილოთ ქვეყნები, რომლებსაც ჩვენთან ერთად გააჩნიათ საერთო ფასეულობები. რომლებიც ჩვენს გვერდით იდგებიან და რომელთა გვერდითაც ჩვენ ვიდგებით. ასეთებია საქართველო და უკრაინა.
ჩვენ ასევე ვიცით, რომ პუტინს და რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს — არ ვგულისხმობ მთლიანად რუს ხალხს - ჰყავთ მოკავშირეები ამ ქვეყანაში, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ იმ ღირებულებებს, რომლისაც ჩვენ გვწამს“ - ამბობს კონგრესმენი.
სულ სხვაგვარად გამოიყურება ქართული ოცნების ლიდერების მესიჯბოქსი კონგრესმენის განცხადებასთან დაკაშვირებით:
„კარგად გვახსოვს, კონგრესმენების ანგარიშის ერთი კონკრეტული ჩანაწერი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ცნობილი აჟიოტაჟი გამოიწვია. მთლიანად დოკუმენტი მოიცავდა პათოსს, თუ რამდენად მყარი და სტრატეგიულია პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, ის ერთი წინადადება აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო მთლიანი კონტექსტიდან.
„ჩვენ ვარაუდი გვქონდა, რომ ამას შეიძლება სხვა საფუძველი და სხვა გზები ჰქონოდა. დღეს მოვისმინეთ იმ 13 კონგრესმენიდან ერთ-ერთის განცხადება, რომ ის ჩართული იყო მხოლოდ დოკუმენტის მიღების სტრატეგიულ ნაწილში და არ აქვს ინფორმაცია ამ ერთ კონკრეტულ წინადადებასთან დაკავშირებით. რაც ყველაზე მთავარია, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რამდენად მნიშვნელოვანია და სტრატეგიულია სქართველოსთან (ასევე, უკრაინაც არის ნახსენები) თანამშრომლობა. იგი ამ ქვეყნებს მოიხსენიებს დასავლეთის გუნდის შემადგენელ ნაწილად და იმედოვნებს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება", - აღნიშნა კახა კუჭავამ.
მისი თქმით, სპეკულაციას, რომელიც ფაქტიურად ერთდღიანი იყო, უკვე წერტილი დაესვა.
„დოკუმენტის რეალური მიზანი ჩანს კიდეც და ეს არის მყარი, უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე არსებული სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის, რომელიც არაერთხელ გაგვიგია ოფიციალური ვაშინგტონისგან,მათ შორის, ამერიკის ელჩისგან საქართველოში", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
მასალის გამოყენების პირობები






