"ზოგიერთ სკოლაში ვიდეოთვალთვალის წესები მკაცრად არ არის რეგულირებული და იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ვიდეოთვალთვალი ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ხორციელდებოდა,"- ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, სადაც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ, 2019 წლის ანგარიში წარადგინა.
ლონდა თოლორაიას თქმით, არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემები განსაკუთრებით ფაქიზია.
"უნდა შევეხო არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემებს. სამსახურისთვის ეს მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო. განსაკუთრებით ფაქიზია არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემები, რომელიც ასევე ბევრ ადგილზე გროვდება, თუმცა, არასრულწლოვნების შესახებ ყველაზე მეტი მონაცემი სასკოლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში გროვდება. წლის განმავლობაში ჩვენი ინიციატივით შევისწავლეთ რამდენიმე საჯარო და ასევე, კერძო სკოლა. აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვების მონაცემები იმაზე მეტი მოცულობით გროვდება, ვიდრე ეს კანონით ან კანონქვემდებარე აქტებით არის გათვალისწინებული. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ბავშვების დოკუმენტები ისეთ ადგილზე ინახება, რომელზეც ხელი მიუწვდებათ არა მხოლოდ უფლებამოსილ პირებს, არამედ სკოლის ადმინისტრაციიდან სხვა პირებსაც, რაც რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია. ასევე, ზოგ შემთხვევაში, მკაცრად არ არის რეგულირებული ვიდეოთვალთვალის წესები და იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ვიდეოთვალთვალი ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ხორციელდებოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიდეო და სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული არასრულწლოვნების გამოსახულების ჩანაწერის შენახვის წესების დაცვა- ვის გადაეცემა ეს მონაცემები. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ამ მონაცემების გადაცემა არაკანონიერი საფუძვლით განხორციელდა მაგალითად პოლიციის დაწესებულებებისთვის",-განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა.
მასალის გამოყენების პირობები






