ირაკლი ღარიბაშვილის მუქარა სამხედროებს და სამვარსკვლავიანი გენერლის, დევი ჭანკოტაძის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარები - საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი , ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და მის სიტყვებს ამაზრზენს და ისტორიის შეცდომას უწოდებს.
როგორც შაშკინი აცხადებს, ღარიბაშვილმა სცადა შეურაცხყოფა მიეყენება აფხაზეთისა და სმაჩაბლოს იმებში მონაწილე გმირისთვის, იმ ადამიანისთვის, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომში უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა, თუმცა მისი თქმით თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ეს არ გამოუვიდა.
„ღარიბაშვილმა თავის ჭკუაში სცადა სამვარსკვლავიანი გენერლისთვის, დევი ჭანკოტაძისთვის შეურაცხყოფის მიყენება. სცადა მისი ღვაწლის დამცირება, რაც ბუნებრივია არ გამოუვიდა. იყო ძალიან ამაზრზენი . ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის, ერთადერთი სამვარსკვლავიანი გენერალი როდის ჩაიცმევს ფორმას და რას ისაუბრებს. ამ ფორმის ჩაცმის უფლება მას მიანიჭა ქართველმა ხალხმა, ბევრი გმირული ნაბიჯის გამო.
ღარიბაშვილს, რა თქმა უნდა, არ ეცოდინება და არც აინტერესებს - რომ არა გენერალი დევი ჭანკოტაძე, საქართველოს ექნებოდა ძალიან დიდი მსხვერპლი 2008 წლის წლის აგვისტოს ომში, როდესაც დევი ჭანკოტაძის არტილერიამ შეაჩერა რუსული არმია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და ამით მისცა შესაძლებლობა ჩვენს მოსახლეობას, რომ დაეტოვებინა ოკუპაციის ზონა. ამით უამრავი ასობით, ათასობით ქართველი ადამიანის სიცოცხლე იყო გადარჩენილი. ეს ღარიბაშვილს არც აინტერესებს, არც ესმის და ბუნებრივიაცაა - მას ზოგადად საქართველო არ აინტერესებს" - ამბობს შაშკინი.
შაშკინი ბედის ირონიას უწოდებს იმ ფაქტს, რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელია, რომელმაც ყოფილი მინისტრის შეფასებით, ქართულ ჯარში ვერანაირი ავტორიტეტი ვერ მოიპოვა.
"ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, როდესაც თავდაცვის მინისტრი თავის თავს აძლევს უფლებას, რომ ასე ისაუბროს ქართველ გმირზე, გენერალზე, ადამიანზე რომელიც არის ლეგენდა შეიარაღებული ძალებისთვის და ამის უფლებას საკუთარ თავს აძლევს ადამიანი, რომელმაც ვერანაირი ავტორიტეტი ვერ მოიპოვა და ვერც ვერასდროს მოიპოვებს ქართულ ჯარში. ბედის ირონიაა, რომ ის თავდაცვის მინისტრია და ასე ლაპარაკობს ქართველ სამვარსკვლავიან გენერალზე , რომლის მოღვაწეობა აღიარებულია არამარტო საქართველოში ქართველი ხალხის მიერ, არამედ ევროპასა და აშშ-ში. დევი ჭანკოტაძე იქნება ნატო-ს სარდლობაში ერთერთი სამაგალითო ადმაიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ჯარის განვითარებაში, ადამიანმა რომელიც იბრძოდა აფხაზეთში, სამაჩაბლოში და მან ყველაზე დიდი ზარალი მიყენა რუსეთის ჯარს 2008 წლის აგვისტოს ომში და რომლის მოსაკლავად რუსეთის მიერ იყო გამოშვეპული სპეციალური დაჯგუფება „გერეუსი“, მათი ამოცანა იყო, რომ მოეკლათ გენერალი ჭანკოტაძე.
ასეთ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებს ამ წუთისთვის ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და ცდილობს, დაამციროს. ეს არის ისტორიის შეცდომა და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ ისტორიის შეცდომას გამოასწორებს“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






