საქმე ეხება ყინულის სახლის ტერიტორიის გასხვისების ბურუსით მოცულ ტენდერს, რომელიც 2019 წელს ჩატარდა. მაშინ "ნიუპოსტი" წერდა, რომ ტერიტორია კომპანია მ² - მა 7 270 118 ლარად შეიძინა, თუმცა მოგვიანებით მ²-ს ზუგდიდის მერის, გეგა შენგელიას ინიციატივით, ხელშეკრულების პირობები შეეცვალა, კომპანია დამატებითი ვალდებულებებისაგან გათავისუფლდა, სახელმწიფო ბიუჯეტმა კი მილიონობით ლარით იზარალა. ახალი პირობებით კედიას ქუჩაზე 80 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმრო უნდა აშენებულიყო, რისთვისაც მ²-ს 8 მილიონი აშშ დოლარი უნდა დაეხარჯა, თუმცა ტენდერიდან ერთი წლის თავზე, ადგილზე ერთი აგურიც კი არავის დაუდია.
მუნიციპალიტეტსა და კომპანია მ²- ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებში კორუფციული გარიგების ნიშნებს ხედავს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზუგდიდის საკრებულოს წევრი ანა წითლიძე.
პოლიტიკოსმა მერის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება მიმდინარე წლის 2 ივნისს შეიტანა. რამდენიმე დღეში, დეპუტატს შოთაძის უწყებიდან აცნობეს, რომ საქმე შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სამმართველოს გადაეგზავნა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე დღეში სუსი საქმეზე გამოკითხვებს დაიწყებს, საგანმოძიებო ორგანოში დაიბარებენ თავად გეგა შენგელიასაც.
"ერთადერთი, რაც არჩევიდან ერთი წლის განმავლობაში შეეძლო ღირსეულად და წარმატებით გაეგრძელებინა გეგა შენგელიას არის ქართული ოცნებიდან სხვა მერების კორუფციული გარიგებები, გადმოიბარა ეს კორუფციული ესტაფეტა ზუგდიდელების ხარჯზე. სწორედ მისი პირადი კორუფციული დაინტერესებით სახელმწიფო ვალდებულებით დატვირთულ მიწას, შეეცვალა ფუნქცია. მან გაათავისუფლა კომპანია "ვისოლის" შვილობილი კომპანია ყველა ვალდებულებისგან და მიანიჭა ამ მიწას კომერციული სტატუსი. აქ უნდა აშენებულიყო საერთაშორისო ბრენდის რესტორანი, დასაქმებულები იქნებოდნენ ზუგდიდელები, თუმცა ახლა აქ აშენდება მრავალბინიანი კორპუსი. ამას ჰქონდა ერთადერთი მიზეზი - ის რომ "ვისოლი" და ბატონი ფხაკაძე არიან ოფიციალური შემომწირველები "ქართული ოცნების". ყველა მასალას გადავცემთ პროკურატურას და მინდა მივმართო ბატონ ფხაკაძეს, აქტიური მხარდამჭერია ქართული ოცნების და ამიტომ გასდის ეს ყველაფერი ზუგდიდელებთან - ის რასაც თქვენ აკეთებთ ახლა ზუგდიდში ამ მიწასთან დაკავშირებით არის უბრალოდ ნაძირლობა, ტყუილად გგონიათ რომ შეგიძლიათ იყიდოთ ყველა, როგორც იყიდეთ წინამორბედი მერები და საკრებულოს წევრები - მომდევნო ხელისუფლება ამას აუცილებლად გამოიძიებს", - აცხადებს წითლიძე.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კორუფციული საქმეებში ჩაბმა ახალი არ არის. 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა დააკავეს.
ე.წ. ყინულის სახლის გასხვისების საქმის მსგავსად პროკურატურამ გოგია-გულორდავას საქმეც სუს-ს გადაუგზავნა, რაც საბოლოოდ მაღალჩინოსნების დაკავებით დასრულდა.
გაიზიარებს თუ არა გეგა შენგელია წინამორბედების ბედს, ეს ალბათ ძალინ მალე გამოჩნდება. არ არის გამორიცხული, რომ გიორგი გახარიამ, რომელსაც დიდი ალბათობით, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად ამზადებენ, სამართლიანობის აღმდგენის მანტია მოიხსნას და კორუფციული გარიგებებში მხილებული შენგელია გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს.
მასალის გამოყენების პირობები






