საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ სამ მათგანთან პირადად ჰქონდა შეხვედრა და მსგავსი რამ არ გაუგია.
საუბარია ანგარიშზე, რომელშიც ვკითხულობთ, რომ აშშ-მა უნდა გააფროთოვოს სანქცირებული ადამიანის სია, რომელმაც, თავის მხრივ, უნდა მოიცვას ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ადამიანად, მათ შორის, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული.
13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული".
ზალკალიანი აცხადებს, რომ გამოიკვლევენ, "თუ როგორ და ვისი რეკომენდაციით მოხვდა ეს ერთი აბზაცი" გამოქვეყნებულ ანგარიშში.
"ეს არის დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკური ძალა არ აქვს. ეს არის კვლევა, რომელიც არის ჩატარებული რესპუბლიკური სასწავლო კვლევითი ცენტრის მიერ. არც აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო ძალა, დანიშნულება, ამ დოკუმენტს არ აქვს.
ეს არის კვლევა და რეკომენდაციები, რომლებსაც ხელს აწერენ ჩვენთვის ძალიან პატივცემული რესპუბლიკელები, მათ შორის, 13 თუ 14 კონგრესმენის ხელმოწერაა. მე მინდა გითხრათ, სამთან მე პირადად მქონდა შეხვედრა თებერვალში ვიზიტის დროს, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარეც შეხვდა მათ და მსგავსი რამ არც კი გამიგია. ერთ-ერთმა მათგანმა შეხვედრის შემდეგ კომენტარიც კი გააკეთა ქართულ მედიასთანდ და აღნიშნა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უმაღლესი დონე.
როგორ შეიძლება საერთოდ ვისაუბროთ იმაზე, რომ ქართული ოცნების პარტიის ლიდერს ქვეყანა დესტაბილიზაციისა და რუსეთისკენ მიჰყავს. ფაქტები აბსოლუტურად საწინააღმდეგოს მეტყველებენ", - ამბობს ზალკალიანი.
მასალის გამოყენების პირობები






