“თავდაცვის სამინისტროში არის ორი მიმართულებაა, ერთი არის სამშენებლო მიმართულებები და მეორე- საფრანგეთის კრედიტით დაფინანსებული პროექტი. რეალურად, ეს არის გარკვეული პროექტების დროში გადავადება, მათ შორის იმიტომაც, რომ საფრანგეთის მხრიდან მომწოდებელი წელს ვერ შეასრულებს იმ მოცულობის სამუშაოებს, რაც იყო დაგეგმილი”, – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, საფრანგეთიდან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვა გადავადდა:
“ამ 75 მილიონიდან 30 მილიონი არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთს გარკვეული პროდუქცია უნდა მოეწოდებინა, მაგრამ გამომდინარე პანდემიიდან, ამ პროდუქციის მოწოდება გადაიდო დროში. ამ პროდუქციის მოწოდების მზაობა როგორც კი იქნება, ეს თანხები აისახება მომავალი წლის ბიუჯეტში”, – განაცხადა სესიაშვილმა.
საქმე ეხება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოწოდებას, რაზეც კონტრაქტი საფრანგეთთან თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის დროს გაფორმდა.
საფრანგეთთან დადებული საჰაერო თავდაცვის სისტემების ხელშეკრულების გადავადებას "პრიორიტეტების შესახებ ხელისუფლების პოლიტიკურ განაცხადს"- უწოდებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
"მთავარ არხთან" ინტერვიუში ხიდაშელი ამბობს, რომ ამ ხელშეკრულების შესრულებას მთავრობის მხრიდან არაერთხელ შეექმნა პრობლემა.
"იმდენი ბრძოლა გადაიტანა ამ ფრანგულმა კონტრაქტმა, იმდენი რამის ფასად დაგვიჯდა, ჩვენ, ქვეყანას, მისი მიღწევა, ხელმოწერა, რეალიზაცია, რომ დღეს არც კი მჯერა, კოშმარ სიზმარში მგონია თავი, როცა გავიგე, რომ სწორედ ამ კონტრაქტის ხარჯზე ხდება თურმე ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლა", - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ანა დოლიძისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვის გადავადება მიუღებელია.
მისი შეფასებით, ხელისუფლება სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებს, კითხვებზე პასუხის თავიდან არიდების მიზნით, გაასაიდუმლოებს.
„ეს ხელშეკრულება იყო ერთ-ერთი მთავარი საშუალება, რისი მეშვეობითაც ჩვენ შევძლებდით აგრესიისგან საკუთარი თავის დაცვას და ჩვენი საჰაერო სივრცის გაუვნებელყოფას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ძალიან სამწუხაროდ მეჩვენება ის ფაქტი, რომ ამ ხელშეკრულების შესრულება ახლა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არის“, - ამბობს დოლიძე.
საფრანგეთიდან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვა ჯერ კიდევ ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს გადაწყვდა.
ალასანია მაშინ საფრანგეთშიც ავიდა, თუმცა თბილისიდან ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით დაურეკეს და მემორანდუმზე ხელმოწერის გადადება მოსთხოვეს.
„სამწუხაროა, რომ თავადაცვის ბიუჯეტი 75 მილიონით მცირდება. ჩვენ ვართ, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაში. რუსეთიდან მოდის ძალიან სერიოზული საფრთხეები და ამ დროს ვამცირებთ თავდაცვის ბიუჯეტს, განსაკუთრებით, საერთაშორისო ვალდებულებების ხარჯზე“, - აცხადებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, გიორგი რუხაძე.
"ქვეყანას მდგრადობის კოეფიციენტი ამოეწურა, დაწყებულია განადგურების მეორე ეტაპი" - ასე აფასებს მთავრობის მიერ თავდაცვის ბიუჯეტის შეკვეცასა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვის გადავადებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი. დიმიტრი შაშკინი "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არის ხელისუფლების "ცინიკური ტყუილის" გაგრძელება, როცა "ოცნების" მთავრობა პანდემიის პირობებში მოსახლეობას ეკონომიკის "დაქოქვას" ჰპირდებოდა.
"პასუხად ჩვენ მივიღეთ სეკვესტრირებული ბიუჯეტი, რომელიც შევარდნაძის მთავრობის შემდეგ არავის ახსოვს. თუმცა ეს იგივე ხალხია, რომელიც იმ დროს მართავდა ქვეყანა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მდგრადობის კოეფიციენტი ამოიწურა და დაიწყეს ქვეყნის განადგურების მეორე ეტაპი - ჯერ იყო პარალიზება ქვეყნის, სრული სტაგნაცია და ახლა წავედით მინუსში, ანუ ანადგურებენ იმას, რაც პირველ სტადიაზე გააჩერეს. დაიწყეს განათლების ბიუჯეტის 127 მილიონიანი სეკვესტრით და ახლა მიადგნენ თავდაცვას.
ისინი ხედავენ რომ ჯარმა არჩევნებში ხმა არ მისცა და განათლების შემდეგ, ამათი მავნებლური ლოგიკიდან გამომდინარე მარტივი იყო, რაც მოხდებოდა.
2012 წელს ამ მთავრობამ უარი თქვა ამერიკის საჩუქარზე, ჰოუკის ანტისაჰაერო სისტემებზე. ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას და სახლემწიფოლ მდივნის ჰილარი კლინტონის დაპირებვა, რომელიც 2012 წლის სექტემბერში დაიწყო შესრულება. "ოცნების" მავნებელმა მთავრობამ გააჩერა და თქვეს, რომ უნდოდათ ფრანგული მოდელები, თუ ამერიკული იყო საჩუქარი, ფრანგული იყო კრედიტი და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ არ წყვეტს არანაირ საბრძოლო ამოცანებს, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე.

მავნებლობის აპოთეოზს მიაღწია ქვეყანამ. ძალიან ცოტა დარჩათ, სულ რაღაც 4 თვე, თუმცა ალბათ ქვეყანას კიდევ ბევრ ზარალს მოუტანენ ამ მცირე დროშიც კი" - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
ექსპერტები და პოლიტიკოსები ისტორიული ხელშეკრულების ჩაშლას რუსულ ინტერესებს უკავშირებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






