ზურაბ ჭიაბერაშვილი, 2020 წლის განახლებულ, ანტიკრიზისულ ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯების შემცირებას აკრიტიკებს.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, "ქართული ოცნება" სახსრებს პარტიისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების ხარჯზე უნდა ზოგავდეს.
"სრულიად გაუგონარია, როცა ქართული ოცნება პირველ რიგში მიადგა თავდაცვას და ამ დროს ქართული ოცნების პარტიული აქტივი და მათთან დაკავშირებული კომპანიები კვლავ ისევე იღებენ ბიუჯეტიდან დაფინანსებას, როგორც აქამდე იღებდნენ", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა და დასძინა, რომ "პირველ რიგში, ქართული ოცნება აპირებს ხარჯების შემცირებას სხვების ხარჯზე და არა საკუთარი პარტიის ან მასთან დაკავშირებული კომპანიების ხარჯზე".
ბიუჯეტის განახლებული პროექტის თანახმად, გამოთავისუფლებული 600 მილიონი ლარის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 75 მილიონი ლარით მცირდება. თავდაცვის სამინისტროზე მეტად ხარჯები მხოლოდ ინფრასტრუქტურისა (251 მილიონით ნაკლები) და განათლების, კულტურისა და სპორტის (127 მილიონი) სამინსტროებს უმცირდებათ.
ბიუჯეტის ხარჯები 1 მილიარდ 491 მილიონი ლარით გაიზრდება და ჯამში 15 მილიარდ 924 მილიონ ლარს მიაღწევს.
ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1.5 მილიარდ ლარზე მეტით შემცირდება, ჯამში კი შემოსავლების დანაკლისი 1 მილიარდ 817 მილიონ ლარს შეადგენს, რის პარალელურადაც მთავრობა 650 მილიონ ლარიან საშინაო ვალს იღებს. თავის მხრივ, საერთაშორისო პარტნიორებისგან გამოყოფილი კრედიტები 4 მილიარდ 470 მილიონი ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






