სუს-ში მარნეულელ სამოქალაქო აქტივისტებსა და ადგილობრივი არასამთავრობოების წევრებს მოწმის სტატუსით დაკითხავენ.
გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.
"12 საათისთვის ვართ სუს-ში დაბარებული. როგორც ვიცი, საქმე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებულ მოვლენებს შეეხება. ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე გაკეთებული განცხადებები პროვოკაციული და ერთგვარი ხაფანგი იყო, ხალხის ნაციონალურ გრძნობებზე და ემოციებზე სათამაშოდ. გამოიყვანეს ისე, თითქოს აქ ანტიქართველები ცხოვრობენ, რაც ასე არ არის"- აცხადებს რასამთავრობო ორგანიზაცია "გეირათის" თავმჯდომარე ზუმრუდ გურბანოვი.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ საქართველოში არსებობენ ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ. გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მარნეულის მერს მიმართა და ქალაქის ცენტრიდან ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღება მოითხოვა.
მასალის გამოყენების პირობები






