საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.
ცვლილებების თანახმად მომდევნო პარლამენტში უმცირესობა აღარ იარსებებს. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული დეპუტატები საერთო ფრაქციას ვეღარ შექმნიან. ფრაქციის ფორმირებას ვერც დამოუკიდებელი მაჟორიტარები და პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები შეძლებენ. ვიცესპიკერების რაოდენობა 9-დან 3-მდე შემცირდება, მათ შორის აფხაზეთისა და აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების კვოტების გაუქმების ხარჯზე.
პოლიტიკური დებატების დროს უმრავლესობის ფრაქციას გამოსვლის დრო ეზრდება, პატარა ფრაქციებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს კი უმცირდებათ. თავმჯდომარეს ფრაქციის ყოველ 15 წევრზე ერთი მოადგილის ყოლა შეეძლება, რაც უმრავლესობაში თანამდებობის პირების რაოდენობას გაზრდის.
საპროკურორო საბჭოს წევრს ოპოზიცია მისი კვოტის შესავსებად დამოუკიდებლად, უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე ვეღარ დაამტკიცებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში კანდიდატურას პარლამენტის უფრაქციო წევრები ვეღარ წარადგენენ.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტისთვის ამოქმედდება უკვე კონსტიტუციის ძირითადი დებულებები და საჭიროა მასთან რეგლამენტის შესაბამისობაში მოყვანა.
„ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ განხორციელდეს პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია გარკვეულ ფარგლებში. გარდა ამისა, არის მთელი რიგი დებულებები, რომლებიც დაიხვეწება გამომდინარე იმ პრაქტიკიდან, რომელიც ჩვენ ვნახეთ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც თავის პრეზენტაციაში ისაუბრა პროექტის ყველა ძირითად ასპექტზე.
მისი თქმით, „პირველი არის ფრაქციების საკითხი. როდესაც ამოქმედდება კონსტიტუციის დებულება რომელიც ეხება ფრაქციას, აქ სიახლეა, რომ ნაცვლად 6-ისა ფრაქციაში გაერთიანებული უნდა იყოს მინიმუმ 7 წევრი. გარდა ამისა, ახალი კონსტიტუციით ამოქმედდება პრინციპი, რომლის მიხედვით ფრაქცია უნდა იყოს პარტიის საპარლამენტო ეკვივალენტი. იცვლება ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის განსაზღვრის წესი და მათი რაოდენობა, კერძოდ, ახალი რეგლამენტით ფრაქციას 15 წევრზე შეიძლება ჰყავდეს თავმჯდომარის ერთი მოადგილე".
ცვლილებები ეხება უმრავლესობას და ოპოზიციას. მომხსენებლის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მსხვილდება პარტიების სტრუქტურა საქართველოს პარლამენტში, აზრს კარგავს უმრავლესობისა და უმცირესობის, როგორც საპარლამენტო სუბიექტების არსებობა.
ღიად რჩება საკითხი, შეძლებს თუ არა მე-10 მოწვევის პარლამენტში სხვადასხვა პარტია ერთ ფრაქციაში გაერთიანებას. ეს უკანაკსნელი კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდება. რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე დღეს პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.
ახალი რეგლამენტით მთავარი პოლიტიკური სუბიექტები იქნებიან ფრაქციები, მაგრამ იმისთვის, რომ, მაგალითად დროებით კომისიებში სათანადოდ გადანაწილდეს კვოტები, მათ შორის ვიცესპიკერებისაც, განისაზღვრება სწორედ ამ პრინციპით. აქედან გამომდინარე შემოღებულია რეგულაციები, რომლის მიხედვითაც პირველ სხდომაზე ან ბიუროს სხდომაზე რეგისტრირდება უმრავლესობისა და ოპოზიციის სიები.
სტრუქტურული ცვლილებების შესაბამისად, საჭირო იყო დებატების დროების ახლებურად განსაზღვრა და ინიციატორებმა იხელმძღვანელეს პრინციპით ,,რომ უმრავლესობას და ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თანაბარი დრო. ამ პრინციპის შესაბამისად თითოეულ პარლამენტის წევრზე თითოეულ ფრაქციას გამოყოფილი აქვს თითო წუთი. მხოლოდ გარკვეული ლიმიტები დაწესდება ზედა და ქვედა ზღვარზე. რაც შეეხება უფრაქციო პარლამენტის წევრებს, მათთვის განკუთვნილი იქნება 3 წუთი.
ცვლილებები შეეხება ვიცესპიკერებსაც - პარლამენტის თავმჯდომარეს ეყოლება პირველი მოადგილე და თითო მოადგილე უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან.
ასევე შემოღებულია ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ერთი დეპუტატი შეიძლება იკავებდეს მხოლოდ ერთ საპარლამენტო თანამდებობას და აქ მხოლოდ ერთი გამონაკლისია დაშვებული დროებით კომისიებთან მიმართებით, რომელიმე თანამდებობის პირს შეიძლება პარალელურად ეკავოს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან მდივნის თანამდებობა.
პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები ოპოზიციის უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა"საქართველო საუბრობს.
განცხადების თანახმად, ,,ქართული ოცნება'' რეგლამენტში ცვლილებებით საპარლამენტო ოპოზიციის დასუსტებას ცდილობს და ოპონენტენს პრაქტიკულად უუფლებოდ ტოვებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, უმრავლესობის წევრთა მიერ პირველ ივნისს რეგლამენტში ინიცირებული ცვლილებებით ოპოზიციას დღეს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებიც უმცირდება.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობის'' განმარტებით ეს ცვლილებები პარლამენტში გააუარესებს მცირე რაოდენობით წარმოდგენილი პარტიების მდგომარებას და დაასუსტებს ოპოზიციას.
მასალის გამოყენების პირობები






