რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, ვინ არის მისი არჩევანი, რას ეუბნება ქართული არმიის დიდ ოჯახს, ამის გარკვევას "ნიუპოსტი" მას შემდეგ შეეცადა, რაც საინფორმაციო სააგენტოზე გამოქვეყნებულმა მასალამ - "ლეგენდარული ქართველი გენერალი, რომელმაც აგვისტოს ომში რუს ოკუპანთა ჯარს სერიოზული ზიანი მიაყენა, თავისუფალი საქართველოსთვის მებრძოლი გმირის უცნობი ისტორიები აფხაზეთიდან აგვისტოს ომამდე"- დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამის პარალელურად კი ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთისა და 2008 წლის ომის გმირი, გენერალი ჭანკოტაძე პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს.
სწორედ ამიტომ "ნიუპოსტი" გენერლის პირველ ვრცელ ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.
"ქართველი დაბადებიდანვე მეომარი და სამშობლოს დამცველია" - ასე დაიწყო გენერალმა ჩვენთან საუბარი და გვთხოვა, რომ ომის ველზე მიღწეულ პერსონალურ წარმატებებზე კითხვა არ დაგვესვა.
"ჯარში, ყველაზე დიდი წოდება რიგითია, სწორედ ის იგებს ომს" - ამბობს გენერალი დევი ჭანკოტაძე და დასძენს, რომ "მტრის დასამარცვხებლად ის რიგითი ჯარისკაცივით ბოლომდე იბრძოლებს".
გენერალი დევი ჭანკოტაძე: "მე, ისევე როგორც ძალიან ბევრი ჩემი თანამებრძოლი საველე მეთაურების რიგებიდან მოვდივარ, ამიტომ სანამ პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ, მინდა, იმ ადამიანების დამსახურებას გაუსვა ხაზი, რომლებიც ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან მოდიან. თამამად და დიდი სიამაყით ვამბობ, რომ ეს ადამიანები ქართული ჯარის შემქმნელები არიან.
ქართული შეიარაღებული ძალების უახლესი ისტორიის ფურცლები უამრავ ღირსეულ სახელსა და გვარს ინახავს, რომელიც სათავეს ეროვნული მოძრაობიდან იღებს, ეს ბიჭები ეროვნულ გვარდიაში გადმოვიდნენ და თანამედროვე საქართველოს შეიარაღებული ძალები შექმნეს: გენერალი ჯემალ ჭუმბურიძე, გენერალი თამაზ დუმბაძე, კასპის ბატალიონის მეთაური - პოლკოვნიკი ტარიელ შარიფაშვილი, ქარელის ბატალიონის მეთაური - პოლკოვნიკი ტარიელ ბარბაქაძე, საჩხერის ბატალიონის მეთაური, პოლკოვნიკი - ბესარიონ ქუთათელაძე. გორის ბატალიონის მეთაური - ამირან კიკაბიძე, ავიაციის სარდალი, გენერალი - ზურაბ ნაირაშვილი, დაზვერვის ბატალიონის მეთაური-პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე, ტყიბულის ბატალიონის მეთაური, პოლკოვნიკი - გელა გიორგაძე.
აქვე განსაკუთრებულად მინდა გამოვყო "თეთრი არწივის" ლეგენდარული მეთაური, გენერალი გიორგი ყარყარაშვილი, რომელმაც ფასდაუდებალი ღვაწლი შეიტანა რუს ოკუპანტთან, აფხაზ და ოს სეპარატისტებთან ბრძოლაში.
ცალკე მინდა აღვნიშო სამაგალითო საველე მეთაურები, როგორებიც არიან: „ჩოლოყაშვილის სახელობის“ პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი ტარიელ აბუაშვილი და დაზვერვის ბატალიონის მეთაური, პოლკოვნიკი ალექსი ბარბაქაძე. ამ ხალხმა ქართული ჯარის ჩამოყალიბება ნულიდან დაიწყო და დროთა განმავლობაში ესტაფეტა გადასცა ჩვენ ახალგაზრდა მეთაურებს, რომლებმაც აფხაზეთის ომში თავი გამოიჩინეს, მე მათ სოხუმის დამცველებს ვუწოდებ.
მინდა, თქვენი მედიასაშუალებითაც მათ ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურო. გმირებს, რომლებიც აფხაზეთში სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ, თქვენი მკითხველი და საზოგადოება უნდა იცნობდეს, ესენი არიან: გენერალი ემზარ ჭოჭუა, იმდროინდელი გენ.შტაბის უფროსი, გენერალი გურამ ნიკოლაიშვილი, გენერალი პაატა დათუაშვილი, გორის სამხედრო სასწავლო ცენტრის მეთაური, გენერალი გივი იონკურიძე. გენერალმა იონკურიძემ ქართულ არმიას ბევრი პროფესიონალი ტანკისტი გამოუზარდა. საარტილერიო პოლკის მეთაურიბი, პოლკოვნიკი თემურ ლომთათიძე, პოლკოვნიკი ალექსანდრე დიასამიძე და სხვა. აფხაზეთის ომში ამ ადამიანების გვერდით ქართული ჯარის მამები იბრძოდნენ, მათ ქართული სახელწიფოს ინტერესები ბოლომდე დაიცვეს. ქართული ჯარის შემქმნელებისა და აფხაზეთის ომის გმირების გვარები საქართველომ უნდა იცოდეს!

რაც შეეხება 2008 წელს და რუსეთ საქართველოს ომს - ეს ის პერიოდია, როცა ქართული ჯარის რეკონსტრუქცია და შეიარაღების დასავლურ, თანამედროვე რელსებზე გადაყვანა დაიწყო - ჩვენი ახალგაზრდა ოფიცრები განათლებას ევროპასა და ამერიკაში იღებდნენ. ომამდე რამდენიმე წლით ადრე აშშ-ის დახმარებით შეიქმნა სპეციალური პროგრამა - წვრთნა და აღჭურვა, ქართული ჯარი ეგეთ სამშვიდობო მისიებში აქტიურად ჩაერთო, როგორიცაა კოსოვო, ავღანეთი, ერაყი. ანუ ნელ-ნელა მიმდინარეობდა ჯარის სტრუქტურული ცვლილებები: ძველი მეომრები დამსახურებულ პენსიაზე გადიოდნენ და ასპარეზს ახალგაზრდა მეთაურებს უთმობდნენ.
აქვე განსაკუთრებულად მინდა გამოვყო გენერალი მამუკა ყურაშვილი, რომელიც ჯარის განვითარების ჩემს მიერ ჩამოთვლილი სამივე ეტაპში მოწინავე პოზიციებს იკავებდა. ყველა მნიშვნალოვანი ომი, პირველივე დღიდან, 2008 წლის ომის ჩათვლით სწორედ გენერალ მამუკა ყურაშვილთან ერთად გავიარე. ის ქართულ არმიას ეროვნული მოძრაობიდან შეუერთდა და ყველა მნიშვნელოვანი ბრძოლაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. 2008 წელს ძველი კასტიდან სწორედ ჩვენ ორნი შემოვრჩით.
აგვისტოს ომის წინა პერიოდში, გენერალ მამუკა ყურაშვილის ცხინვალის რეგიონში ქართული კონტიგენტის სამშვიდობო ძალების მეთაურად დანიშვნამ 2008 წლის ომში უმნიშვნელოვანესი შედეგი მოიტანა. გენერალ ყურაშვილის გმირობას საკუთარი თვალით არაერთხელ შევესწარი. ის უაღრესად წინდახედული, მომზადებული და გამოცდილი გენერალია. სწორედ გენერალ ყურაშვილის დამსახურებაა, რომ 2008 წელს ჩვენმა ჯარმა თავის დასახულ მიზანს მიაღწია და მშვიდობიანი მოსახლეობა კონფლიქტის ზონიდან ნაკლები დანაკარგით გამოიყვანა. საუბარია დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის და ფრონის ხეობაში ჩარჩენილ 8 200 ადამიანზე. ის, რაც გენერალმა მამუკა ყურაშვილმა გააკეთა, სამხედრო ხელოვნებაა - გენერლის ენერგიისა და წინდახედულობის შედეგად, ცხინვალის რეგიონში. ე.წ. სამშვიდობო პოსტების გვერდის ავლით ახალი გზა გაიჭრა და სწორედ ამ გზით მოხერხდა მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენა 2008 წლის 8,9,10 აგვისტოს.
აგვისტოს ომზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენო და გულწრფელი მადლობა გადავუხადო გაერთიანებული შტაბის უფროსს ზაზა გოგავას. ბატონ გენერალს ამერიკული სამხედრო სასწავლებელი აქვს დამთავრებული და შეიძლება თამამად ითქვას, რომ თანამედროვე სტანდარტების, უმაღლესი დონის სამხედრო მაღალჩინოსანია.
ის პირები, რომლებიც 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებენ, ჩემდა სამწუხაროდ უსამართლოდ იქცევიან გენერალ გოგავასთან მიმართებითაც. თუმცა ყველგან წელგამართული ვიტყვი, რომ გენერალმა ზაზა გოგავამ დაკისრებული ძირითადი ამოცანა პირნათლად შეასრულა. მთავარი ამოცანა კი ჯარის მართვა იყო.
როცა რიგი ადამიანები ამბობენ, რომ კავშირგაბმულობა, მართვა იყო დაკარგული, ეს მტკნარი სიცრუეა და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ბრძოლის დაწყების მომენტიდან, ცეცხლის შეწყვეტის მომენტამდე საქართველოს შეიარაღებული ძალები, ჩვენი ჯარი იმართებოდა როგორც ერთი ორგანიზმი.
აქვე უნდა ვახსენო სახმელეთო ჯარების სარდლობის უდიდესი დამსახურება, ბევრი მათგანი დღესაც შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, მათი გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ გასაგები მიზეზების გამო. არ მინდა ჩვენი თანამებრძოლები სამსახურის გარეშე დარჩნენ და პრობლემები არ შეექმნათ.
როგორც იცით, 2008 წელს საარტილერიო ბრიგადის მეთაური ვიყავი და ჩვენი ძირითადი, პირველი ამოცანა მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენა იყო, რაც ქართველმა ჯარმა პირნათლად შეასრულა. ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰკონდა რა ეროვნების იყვნენ ისინი- ქართველები თუ ოსები.
მეორე ამოცანა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული რუსული ჯარის ნაწილების გარკვეულ ზღუდეზე შეჩერება გახლდათ. დრო უნდა მოგვეგო, რომ საერთაშორისო საზოგადოების ხმა ამოეღო და შესაბამის რეაგირებას დავლოდებოდით.
ბუნებრივია, ჯარი რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების რეჟიმში იყო, ოკუპანტი ქვეყნის ჯარს დიდიხანი ვერ გააჩერებდა, თუმცა ჩვენ შევძელით და ოკუპანტებს მაქსიმალური ზარალი მივაყენეთ ცოცხალ ძალაში და ტექნიკაში. მიზანსაც მივაღწიეთ - ოკუპანტი იძულებული გახდა შემტევითი ოპოერაცია გარკვეული პერიოდით გაეჩერებინა. საქართველოს პრეზიდენტს კი საშუალება მიეცა საერთაშორისო დახმარება მოეპოვებინა. აქვე მინდა აღვნიშნო რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონ მიხეილ სააკაშვილმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო მაგ მომენტისთვის და გასცა ბრძანება მტრის საცეცხლე წერტილების განადგურებაზე, და კიდევ ერთი მინდა ვთქვა: ომის დაწყების წუთიდან ბოლო მომენტამდე ის ქართულ ჯართან ერთად იდგა და ერთი წამითაც არ დაუკარგავს მართვა.
ასევე, როცა 2008 წელს მიღწეულ წარმატებებზე ვსაუბრობთ, ქართველი პოლიციის მნიშვნელობა და როლიც აუცილებლად ხაზგასასმელი და დასაფასებელია.
აქვე, რახან ვრცელ ინტერვიუზე დამითანხმეთ, მინდა გთხოვოთ განსაკუთრებულად აღნიშნოთ ჩემი განცხადების ეს ნაწილი: ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს დღეს ვის რა პოლიტიკური გემოვნება, ან რა პოლიტიკური პლათფორმა აქვს, მთავარია, რომ ქართული ჯარის დაარსების დღიდან, აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომში ამ ბიჭების გმირობას უკვალოდ არ ჩაუვლია, მათ უნდა იცოდნენ, რომ სულ გვახსოვს და მათ თავგანწირვა ღირსეულად დაუფასდებათ.
ეს ადამიანები ჩემს გვერდით, სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და ჩემთვის მათ პოლიტიკურ გემოვნებას მნიშვნელობა არ აქვს. არცერთ წუთს არ ვნანობ, რომ ასეთი ღირშესანიშნავი ადამინები გავიცანი და ამ დღეებით ძალიან ვამაყობ.

- აგვისტოს ომს დავუბრუნდეთ... ფაქტია, რომ 2008 წლის ომს და თქვენს მოქმედებებს პოზიტიური შედეგები მოჰყვა, როგორც მითხარით "რუსეთს ე.წ. სამშვიდობო მისიის მანტია ჩამოგლიჯეთ".
- ნამდვილად, დასახული ამოცანების შესრულებას თავისი შედეგი მოჰყვა - დღეს რუსეთს სამშვიდობო ნიღაბი ჩამოგლეჯილი აქვს და მას ყველა ოკუპანტად იცნობს. სწორედ 2008 წლის დამსახურებაა, რომ დღეს დომბასში რუსი ჯარისკაცები, როგორც ე.წ. სამშვიდობოები არ დგანან.
აგვისტოს ომამდე რუსეთი ე.წ. სამშვიდობო მისიის მანტიას იყო ამოფარებული.
2008 წლამდე საქართველოს ნომერ პირველი მტერი, მსოფლიოში დადიოდა და ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომ თითქოს ქართველები ესვრიან ოსებს, აფხაზებს და რუსი მშვიდობისმყოფელები ამ კონფლიქტის მოგვარებით იყვნენ დაკავებულები.
2008 წელს კი ყველამ კარგად დაინახა, ვინ მოახდინა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, რომელიც სამწუხაროდ დღემდე გრძელდება. აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც, ოკუპანტი რუსეთის ფედერაცია, კვლავ აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი არაერთი უკანონო ფაქტი და იქ მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიური ტერორია. ოკუპანტები ადამიანებს არა მხოლოდ მავთულხლართებთან ან გამყოფი ხაზის აღმნიშვნელ ბანერებთან, არამედ ზოგჯერ საკუთარ მიწის ნაკვეთშიც იტაცებენ.
- მართალია, ინტერვიუს დასაწყისში პირობა ჩამომართვით, რომ პირად დამსახურებაზე კითხვა არ დამესვა, თუმცა იქნებ მომიყვეთ, რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის ტყვედ აყვანის ისტორია, რომელიც საბოლოო ჯამში ქართველ ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებში გაგვიცვალეს...
- როგორც გითხარით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო მაქსიმალური ზიანი მიგვეყენებინა რუსი ოკუპანტის ჯარისთვის, რაც რეალურად ქართულმა ჯარმა შეძლო.
21 საფრენი აპარატი იქნა ჩამოგდებული ან დაზიანებული, მათ შორის სამი SU-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, ერთი TU-22M3 სტრატეგიული ბომბდამშენი, ორი SU-24M ტიპის თვითმფრინავი და სხვა.
ომის დროს რუსული ბომბდამშენების SU-24-ის პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი ზინოვიევი ტყვედ ავიყვანე. ჟენევის კონვენციის თანახმად, გამოვაცხადეთ სამხედრო ტყვედ, აღმოვუჩინეთ სამედიცინო დახმარება და შემდგომ ჩვენ 12 ახალგაზრდა ჯარისკაცზე გავცვალეთ.
გარდა ამისა, რუსეთმა სამხედრო ტექნიკაში უზარმაზარი დანაკარგი განიცადა. ერთი სატანკო ბატალიონი, 33 რუსული ტანკი გავანადგურეთ.
როგორც გითხარით, და ამას ბევრჯერ გავიმეორებ, ბევრი წარჩინებული ოფიცერი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში დღესაც მსახურობენ, ამ ბიჭებმა, რომლების სახელს და გვარს შეგნებულად არ ვამბობ, უნდა იცოდნენ, რომ მე ყველაფერი კარგად მახოვს და მათ შრომას ძალიან დიდ პატივს ვცემ.
- ქვეყნის დღევანდელი უმაღლესი მთავარსარდლის, სახიფათო, ზოგჯერ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებით დავიწყო. "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება... "- განაცხადა რამდენიმე თვის წინ სალომე ზურაბიშვილმა, მანამდე იყო საკუთარი ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულება... პირდაპირ გკითხავთ, როგორი ხელისუფლება და მთავარსარდალი გვყავს დღეს?
- სალომე ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები გახდა მიზეზი, რომ მე დღის სინათლეზე, ტელეეთერით გამოვედი და ჩემი, როგორც მოქალაქის და სამხედროს პოზიცია დავაფიქსირე. 2018 წელს, სანამ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართებოდა, ყველასთვის გასაგონად ვთქვი, რომ არ ვისურვებდი ქვეყნის მთავარსარდალი გამხდარიყო ადამიანი, ვინც ჩვენ ბიჭებს მძინარე ქალაქის დაბომბვას აბრალებდა და აგვისტოს ომის დაწყებაში გვადანაშაულებდა.
საბოლოოდ, მოპარული არჩევნების შედეგად, ეს ქალბატონი მაინც დანიშნეს პრეზიდენტად და სამხედრო ძალების მთავარსარდალი გახდა.
პრეზიდენტად დანიშნულმა ქვეყნის მთავარსარდალმა მისი მავნებლური განცხადებები არც მერე შეწყვიტა და პირდაპირ ეთერში თქვა, რომ "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება... ", სამხედრო ფორმაში გამოწყობილი სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯში ჩავიდა და სადაო ტერიტორია მოხაზა, გააკეთა ერთგვარი პოლიტიკური განცხადება, რომ ეს ტერიტორია ჩემია, რაც არადიპლომატიური, გაუაზრებელი განცხადებასთან ერთად, ძალიან საშიში გზავნილი იყო , რამაც ლამის ესკალაციამდე მიგვიყვანა.
მე მგონი, უკვე ყველა ხედავს, რომ საქართველოს დაშლის მიზანმიმართული პოლიტიკა მიდის. ამჟამინდელ ხელისუფლებას ძლიერი ჯარი არ სჭირდება. მათთვის სამხედროები პრიორიტეტები არ არიან, ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ცვლილებები, შეიცვალოს ეს რეჟიმი და მოვიდეს ისეთი ხალხი, ვინც ქვეყანას და შესაბამისად ჯარსაც ფეხზე დააყენებს.
რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ეს პირდაპირ რუსული ინტერესის გატარებაა და მეტი არაფერი. ეს მაშინ, როცა რუსეთი ნომერ პირველი მტერია, 21-ე საუკუნეში ოკუპაცია ჩაგვიტარეს, რომელსაც დღემდე აგრძელებენ.
- რა მთავარი პრობლემაა ქართულ ჯარში?
- ჯარი ორი მთავარი საძირკველისგან შედგება. პირველი ეს არის მუდმივი მზადყოფნა და მეორე - საბრძოლო მომზადება. მეორედან გამოდის პირველი. მეტს არაფერს ვიტყვი, რომ ჩვენ ჯარს რამე ზიანი არ მივაყენო, გამგები გამიგებს!
წინ ურთულესი ამოცანაა. მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყნის სათავეში დემოკრატიული არჩევნების შედეგად კოალიციური მთავრობა მოვა, ეს პრობლემები მოგვარდება.
- ბევრს საუბრობენ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამხედროებს გენერლობა პოლიტიკური ლოიალობის გამო დაურიგეს, რისი თქმა შეგიძლიათ ამ საკითხზე?
- გენერლის წოდება ენიჭება ხალხს, რომელსაც სამშობლოს დასაცავად ერთი ტყვიაც არ აქვთ გასროლილი. სამხედრო მოხელემ ეს უმაღლესი წოდება, შრომით, ოფლით და სისხლით უნდა დაიმსახუროს.
ადამიანს, რომელსაც გენერლობას ანიჭებ, შესაბამისი სამხედრო გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ამ წოდებამდე სხვა და სხვა საფეხური უნდა გაიაროს. აუცილებელია შესაბამისი განათლება და ავტორიტეტი. როცა პირს ეს ოთხი კრიტერიუმი არ გააჩნია და მაინც უმაღლესი რანგის სამხედრო წოდებას აძლევენ, ამას რა თქმა უნდა ყველაზე კარგად ხედავს აბიტურიენტი, რომელიც დღეს სამხედრო სასწავლებელში აბარებს, რომელსაც უნდა რომ სამხედრო კარიერა წარმატებით ააწყოს და საბოლოოდ გენერალი გახდეს. მსგავსი ფაქტები კი ჯარში დემორალიზაციას იწვევს.
ქვეყანა, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის საჯარისო სტანდარტისკენ მიისწრაფის ასე უაპელაციოდ არ უნდა არიგებდეს წოდებებს. თუ დასავლური სტანდარტით 10 000 ჯარისკაცზე ერთი გენერალი მოდის, ჩვენთან დაახლოებით 20 000 ადამიანზე - 14 გენერალი არის, რაც პირდაპირ რომ ვთქვათ, რუსულ ყაიდაზე გადასვლა და ზედმეტი ფინანსური ხარჯებია. რაც მთავარია, ეს ყოველივე უსამართლობის გრძნობას ბადებს.
2008 წელს სამი გენერალი დაახლოებით 35 000 ჯარისკაცს უძღვებოდა და რუსეთის აგრესია მოიგერია. დღეს, დაახლოებით 25 000 ჯარისკაცი გვყავს და გენერლის წოდებით 14 პირი სარგებლობს მათ შორის ორი სამოქალაქო ბლოკში. მსგავსი საშტატო განრიგი მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის ჯარს და ჩრდილოეთ კორეას აქვს.
- ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ წარმოებული გამოძიება და მისი სავარაუდო შედეგი კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარი საკითხია. ბევრს საუბრობენ, საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ინტერესების დაახლოებაზე, დიდ ფულზე, ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლებაზე და სხვა... თქვენ რისი თქმა შეგიძლიათ ამ საკითხზე?
- ზუსტად ამ მიზანმიმართულ პოლიტიკაზე ვსაუბრობდი ინტერვიუს დასაწყისში. როცა ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს, ეს არის ნიშანი სამხედროები საერთაშორისო პროკურატურაში გამოიძახონ, დაკითხონ, საუბარში შეცდომა აღმოუჩინონ და გაასამართლონ ის ჯარისკაცები ოფიცრები, მხედართმთავარი ვინც 2008 წლის ომში მიიღო მონაწილეობა. საბრალდებო სკამზე შესაძლოა აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებმაც პირნათლად შეასრულეს მოვალეობა.
ეს განცხადებები კი ომის გმირების უპატივცემულობა და ღალატია. ის ინფორმაციები, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა რუსეთს ქართველი მეომრების პირადი მონაცემები გადასცეს, პატარა რგოლია ჩემს მიერ ჩამოთვლილ დიდ რგოლში. ამის დიდი გეგმის ნაწილია ჩვენი ჯარის პრესტიჟის დაწევა.
- როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი სამვარსკვლავიან გენერალს დიდ პოლიტიკაში ვიხილავთ...
- ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მიღებული მაქვს.
- თქვენი კომპასი "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაჩერდა?
- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობამდე, მე სპეციალური განცხადება გავაკეთე და შევედი ამ პოლიტიკური ორგანიზაციის რიგებში. პარტიაში ახლა ყველაზე დიდი წოდება მაქვს - რიგითი. 2020 წლის არჩევნებზე მთელს ჩემს რესურსს გამოვიყენებ, რომ პარტიამ და ზოგადად გაერთიანებულმა ოპოზიციამ სასურველი შედეგი დადოს. ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს და ამისთვის პროპორციულ არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი ხმის მიღებაა საჭირო. აუცილებლად დავუჭერ მხარს იმ მაჟორიტარ კანდიდატებს, რომლებზეც საარჩევნო სისტემის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიცია შეთანხმდება.
- პოლიტიკოს დევი ჭანკოტაძეს გკითხავთ მაშინ, როგორ აფასებთ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების საკითხს და რა ბედი ელის გიორგი რურუას, რომელის გათავისუფლება 8 მაერტის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნალოვანი პუნქტი იყო.
- სანამ პოლიტპატიმრების საკითხს ფართოდ შევეხებოდე, ქართული ოცნების 8 წლიანი მმართველობის შესახებ ვიტყვი, რომელიც თავიდან ბოლომდე "გადაგდებებზეა" აგებული. 2012 წელს ეს რეჟიმი ხელისუფლებაში ტყუილი დაპირებებით მოვიდა - უფასო ფული, 5 მილიონი თითო სოფელს, 100 ქარხანა, გასაოცარი დემოკრატია და სხვა. დღეს რა მივიღეთ? - გადამგდები ხელისუფლება.
აქვე მინდა ვთქვა, რომ 2012 წელს "ქართული ოცნების" კოალიციურ მთავრობაში ნამდვილად იყვნენ პროდასავლური ღირებულებების მატარებელი პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს ფართო ოპოზიციურ მაგიდასთან არიან და არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაზე აქტიურად მუშაობენ. ივანიშვილმა მათაც, ისევე როგოც ცივილიზებულ სამყაროს, იმედები ძალიან გაუცრუა. ყველა ხედავს, რომ საქართველოს დღეს მართავს "რუსული ოცნება".
"გადამგდებ ხელისუფლებასთან" მოლაპარაკება არავის უნდა - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გადაგდებების სერია კი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ჩაგდებით დაიწყო.
2015-16 წლებში მე რამდენიმე შეხვედრა მქონდა ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან, როცა მათ ვეუბნებოდი, რომ რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით იყო დაინტერესებული და საქართველოს ხელისუფლებაც ოკუპანტი ქვეყნის დირექტივებს შეასრულებდა, ეს მაშინ ჩემს მეგობრებს ნაკლებად სჯეროდათ. არგუმენტად, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებები მოჰქონდათ. ხოლო როცა ეს მოხდა, ყველამ კარგად დაინახა ვისთან აქვთ საქმე, აქაც და დასავლეთში. 2017 წლამდე ისინი იყვნენ უბრალო მატყუარები, ხოლო ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაშლის შემდეგ გახდნენ საერთაშორისო დონის მატყუარები.
ივანიშვილის მიერ ქართველი ამომრჩევლისა და დასავლეთის გადაგდების მეორე ნაბიჯი - სისხლითა და ახალგაზრდა გოგო-ბიჭების ჯანმრთელობის ფასად მოპოვებული პროპორციული არჩევნების დაპირების უკან წაღებაა, რასაც როგორც იცით, ოპოზიციის, საზოგადოებისა და დასავლეთის მკაცრი ნაბიჯები მოჰყვა, პერსონალური სანქციებით შეშინებულმა დღევანდელმა მთავრობამ, თითქოს უკან დაიხია და შედგა 8 მარტის შეთანხმება.
კორონაპანდემიის დროს კი ხელისუფლებამ დრო იხელთა და მათივე ხელმოწერით დადასტურებული შეთანხმება უკან წაიღო. დასავლეთმა კი, რომელმაც პირველი გადაგდება შეიძლება ითქვას მსუბუქად გაატარა, მეორე გადაგდებისას დაიქოქა და მესამე მცდელობისას აქტიურად ჩაერთო. ერთი-მეორეს მიყოლებით იღებდა გახარია უმწვავეს გზავნილებს აშშ-იდან და ევროპის დედაქალაქებიდან. პირველად გაჩნდა სიტყვა პოლიტპატიმარი.
რაც შეეხება გიორგი რურუას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას ამ პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებაც მოუწევს, რადგან დასავლეთი ხედავს რომ ხელისუფლება ოლიგარქიული რეჟიმის გზას დაადგა და ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს.
- ერთიან ოპოზიციას ოლიგარქის დასამარცხებლად ახალი ფრონტი გახსნილი აქვს, როგორია თვქნი ხედვა, როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა არჩევნებამდე?
- პანდემიას და თეთრ ხალათს ამოფარებული ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ შეზღუდვები ძალაში არჩევნებამდე დატოვოს. მოსყიდვა, დაშინება, ტროლების ფაბრიკა, ეს ამ რეჟიმის ხელწერაა, ამიტომ მას ჩემი აზრით, ქუჩის აქციები, დემონსტრაციები და საინფორმაციო კამპანია უნდა დავუპირისპიროთ. ყველა ადამიანს უნდა მივაწოდოთ სიმართლე.
ოპოზიციის ერთობამ და საზოგადოების კონსოლიდირებამ რეჟიმი უნდა აიძულოს, რომ არჩევნებით დატოვოს ხელისუფლება.
მე არჩევნების წინ, დასავლეთის მხრიდან სანქციებს არ გამოვრიცხავ, ეს ერთგვარი პრევენცია იქნება.
- რას ეტყვით, რას სთავაზობთ თქვენ დიდ ოჯახს - ჯარისკაცები ალბათ დიდი ინტერესით ელოდებიან თქვენ გზავნილს...
- ამ ოჯახში ძალიან ბევრი ღირსეული საველე მეთაურია და ჯარისკაცია, რომლებზეც დგას ქართული ჯარი. მათი წვლილი აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში განუზომელია.
სამწუხაროდ, მოქმედი ხელისუფლების პირობებში ბევრი მათგანი ასე ვთქვათ უსამართლოდ „გვერდზეა მიწეულები არიან“
როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ეს ხალხი, ვინც სამშობლოსთვის იბრძოლა, საქართველოს სიყვარულში თავი დადო, მაქსიმალურად დაფასებული იქნება. სახელმწიფო მათით უნდა ამაყობდეს: სოციალური პაკეტები, სოციალური დაზღვევა, ღირსეული პენსია - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ამ ადამიანებმა უნდა ისარგებლონ.
ჩემი აზრით, კომპანია, რომელიც ჯარიდან წამოსულ მაბრძოლს დაასაქმებს ის შეღავათით უნდა სარგებლობდეს. აუცილებელია, მაღალი სოციალური პაკეტის შემოღება.
დღეს კი ეს მიდგომა სამწუხაროდ არ არის და ჩემი ყურადღება აქითკენ იქნება მიმართული.
რომ არა ეს ბიჭები, რომ არა აბხაზეთის და 2008 ომში დაღუპული ჩვენი ბიჭების გმირობა, დღეს, რუსთაველზე, რუსული დროშა იფრიალებდა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ორი მთავარი ამოცანა უნდა შესრულდეს: ჯარისკაცის, სერჟანტის და ოფიცრის კეთილდღეობის აწევა და მეორე: ჯარის ბრძოლისუნარიანობა თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შესაბამისი უნდა გავხადოთ. ქართული ჯარი 100%-ით თავსებადი უნდა იყოს ნებისმიერ არმიასთან, რომელიც ნატოს ბლოკში შედის.
მასალის გამოყენების პირობები






