შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსთან რომან შამათავასთან ერთად, ქართველებისადმი სასტიკი მოპყრობით ცნობილი აფხაზი ბოევიკების: ვოლმერ ბუთბას, ოთარ ტურნანბასა და ოთარ ხიშბას მკვლელობის ორგანიზებისთვის, შესაძლოა, ბრალი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულს თენგიზ გუნავასაც წაუყენონ.
თავად თენგიზ გუნავა „ნიუპოსტთან“ საუბარში ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, ამბობს, რომ მისთვის ცნობილია ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა მცდელობა თენგიზ გუნავასთვის ახალი ბრალის წაყენების თაობაზე.
რაც შეეხება რომან შამათავას, როგორც „ფრონტნიუსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, მას ბრალს კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკის, დე ფაქტო კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსის, ხიშბას მკვლელობისთვის წაუყენებენ, რომელმაც, როგორც ცნობილია, საკუთარი ხელით აწამა და დახვრიტა ნუკრი გერგედავა, ხოლო შემდეგ მის ცხედარს თვალი ამოთხარა და გერგედავას დედას გადააყლაპა (ეს ისტორია თავად ნაირა გერგედავას არაერთხელ აქვს მოყოლილი).
აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში შამათავას დაკავების დროს შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში მითითებული იყო:
„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით», - თუმცა, არ იყო მითითებული, კონკრეტულად ვის განზრახ მკვლელობაში ედებოდათ ბრალი რომან შამათავას და მასთან ერთად დაკავებულ პირებს.
შარშანდელი დაკავების შემდეგ შამათავას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაც შეუფარდეს, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მტკიცებულებების არარსებობის გამო ბრალი უკან გაითხოვა, არსებული ინფორმაციით კი, აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით ძიება კვლავ გრძელდება.
რაც შეეხება თენგიზ გუნავას, რომელიც წლების განმავლობაში ჯერ სამეგრელოს საპატრულო პოლიციის, ხოლო შემდეგ შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი იყო (მათ შორის 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს), მას, „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, შესაძლოა, ზემოთდასახელებული პირების მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობა ან დანაშაულის შეუტყობინებლობა წაუყენონ ბარალად.
ვოლმერ ბუთბა, ოთარ ტურნანბა და ოთარ ხიშბა, რომლებსაც არაერთი ქართველი ჰყავთ მოკლული და ზოგადად, გამოირჩეოდნენ ქართველების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, გალის რაიონის ტერიტორიაზე, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, სხვადასხვა დროს ტერაქტების შედეგად მოკლეს.
„აფხაზეთის გმირის“ წოდების მფლობელი ვოლმერ ბუთბა 2011 წელს გალის რაიონში, ოკუპანტების ერთ-ერთ ბაზასთან, ღობესთან ახლოს მოკლული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბუთბა საკონტროლო გასროლით იყო მოკლული.
ოთარ ტურნანბა ორგზის „აფხაზეთის გმირი“ იყო და ის 2006 წელს, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მანქანის აფეთქებას ემსხვერპლა.
აფხაზური მხარე ყველა მკვლელობაში ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებდა, ხოლო კონკრეტულად რომან შამათავას დაკავებისთვის სპეციალური ფულადი ჯილდო ჰქონდა დაწესებული.
თენგიზ გუნავა, რომან შამათავა და სხვა პოლიციელები 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში, მას შემდეგ, რაც სამეგრელოში ოკუპანტების ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა აფხაზეთიდან გადმოვიდა, იძულებულნი გახდნენ, კონსპირაციულად შენიღბულიყვნენ, რადგან, მიღებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები სწორედ მათ დაკავებას და აფხაზური მხარისთვის გადაცემას გეგმავდნენ სწორედ იმ გახმაურებული ტერაქტებისთვის და ასევე იმის გამო, რომ ომის დაწყებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე ენგურის ხიდზე, საარტილერიო დანადგარების უკანონოდ გადატანის გამო რუსი სამხედროები დააკავეს, ხოლო შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა, დანადგარები ჩამოართვეს და აღარ დაუბრუნეს.
კონსპირაციამდე თენგიზ გუნავა რუსეთის საოკუპაციო ჯარის პოლკოვნიკს ენგურის ხიდთან სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად შეხვდა, თუმცა, რადგან შეხვედრას მოსახლეობა და ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ, რუსმა ოკუპანტებმა თავი აარიდეს აშკარა დაპირისპირებას და გუნავას დაკავება რამდენიმე დღით გადადეს, თუმცა, ეს ვერც შემდგომ მოახერხეს, რადგან პოლიციის უფროსი ქალაქში კონსპირაციულად გადაადგილდებოდა.
ქართველი პოლიციელებისთვის აფხაზი ბოევიკების მკვლელობის გამო ბრალის შესაძლო წაყენებასთან დაკავშირებით კომენტარი სააგენტო „ფრონტნიუსთან“ გააკეთა წამებით მოკლული ნუკრი გერგედავას დედან ნაირა გერგედავამ:
„ეს გვარები კარგად არის ცნობილი ქართველებისთვის. ისინი აწიოკებდნენ ადგილობრივებს, ძარცვავდნენ და შემდეგ ერთმანეთს ხორცავდნენ ძვირფასეულობისა და თხილის გამო. შამათავამ და ქართულმა პოლიციამ იხსნეს ბევრი ქართველი, მათ შორის – ჩემი ქალიშვილი ნანაც, რომელიც მათ გამოიყვანეს, მე კი ტყვედ ჩავვარდი. ეხლა ქართველ პოლიციელებს ასამართლებენ და გვერდით რუსებს უდგებიან? მე დამიბარონ და დამკითხონ! ყველაფერს მოვყვები, რაც რეალურად იყო და რაც აქვს ამ ხალხს ნაკეთები“,– განაცხადა ნაირა გერგედავამ.
ოფიციალური ინფორმაცია, წაუყენებენ თუ არა ბრალს დაკავებულ პოლიციელებსა და თენგიზ გუნავას „აფხაზეთის გმირების“ მკვლელობის ორგანიზებისა და ტერაქტისთვის, ჯერ არ გავრცელებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაკავებული პოლიციელები არცერთ ბრალდებას არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ. დაკავების პირველ დღეებში მათ შიმშილობაც გამოაცხადეს.
საკუთარ წყაროებსა და „ფრონტნიუსის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით - „ნიუპოსტი“.
შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია
მასალის გამოყენების პირობები






