თეა წულუკიანი შესაძლოა საპარლამენტო სიის პირველი ნომერი გახდეს - ფაქტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ეხმაურება და ამბობს, რომ "ეს არის კარგი საჩუქარი ოპოზიციისთვის".
ენმ-ს წევრის პროგნოზით, ასეთ შემთხვევაში მმართველი პარტია დაახლოებოთ 10%-ს დაკარგავს.
"10 ნობელის ლაურეატი რომ დანიშნონ მთავრობაში ამ არაფორმალური და ჩამონგრეული მმართველობითი ვერტიკალის პირობებში საქართველოს არაფერი ეშველება. ერთადერთი გამოსავალი არის ამ ხელისუფლებოს შეცვლა, ხოლო თუ თეა წულუკიანი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და სიის პირველი ნომერი იქნება, ძალიან დიდ სამსახურს გაუწევს ოპოზიციას და ქვეყანას. სულ მცირე, ჩათვალეთ, რომ 10% დაკარგული ექნება "ქართულ ოცნებას", - განაცხადა გოცირიძემ.
კითხვაზე, ამის მიზეზი წულუკიანის ხისტი განცხადებები ხომ არ არის, გოცირიძე ასე პასუხობს: "ხისტი განცხადებებით რომ პარტია არჩევნებს იგებდეს, ახლა, ისე „დავხისტავ“, რომ 100% გარანტირებული უნდა მქონდეს.წულუკიანის ხისტი განცხადებები ვის მოსწონს?! წულუკიანი საარჩევნო სიის თავში, ეს არის კარგი საჩუქარი ოპოზიციისთვის.ძალიან გაგვიხარდება, 10%-იანი ფორა გვექნება თუნდაც ამ ერთი დანიშვნის გამო", - განაცხადა გოცირიძემ.
"ქართული ოცნება" საარჩევნო სიაზე აქტიურად მუშაობს - ერთ-ერთი ვერსიით, ბიძინა ივანიშვილი იუსტიციის მინისტრის დაწინაურებას გეგმავს.
შესაძლოა ის „ქართული ოცნების“ სიის სათავეში ვიხილოთ. მმართველი პარტიის კულუარებში აცხადებენ, რომ ივანიშვილის სურვილია არჩევნების შემდეგ იუსტიციის მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს.
მასალის გამოყენების პირობები






