საქართველოში ყველას ესმის, რომ სწორედ ამ არჩევნების შედეგებმა უნდა განსაზღვროს ქვეყნის სამომავლო პერსპექტივა, როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით.
გაერთიანებულ ოპოზიციურ ბანაკში შექმნილ ვითარებაზე, მის შიგნით არსებულ „მრავალფეროვნებაზე“, ბრძოლის ფორმებსა და მეთოდებზე "ნიუპოსტის" სტუმარი, "ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანზორ ბიწაძე ინტერვიუს მეორე ნაწილში ისაუბრებს, მანამდე კი საუბარი პრემიერ-მინისტრის პარლამენტში წარდგენილი ანგარიშით დავიწყეთ, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ მთავრობის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას ეხებოდა.
ბიწაძე "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ პრემიერი და მთავრობა გარდატეხის ასაკში მყოფ თინეიჯერებს დაემსგავსა, რომლებიც თავის მოწონებით და "ყელყელაობით" არიან დაკავებულნი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვრცლად საუბრობს "ქართული ოცნების" შიდა კვლევაზე, და მას "ივანიშვილის სურვილების დეკლარაციას" უწოდებს.
_ როგორ შეაფასებთ პრემიერის პარლამენტში გამოსვლას. ირაკლი კობახიძის გადმოსახედიდან გიორგი გახარიამ "გოიმურ ოპოზიციას მასტერკლასი ჩაუტარა"...
_ ნორმალურ ქვეყნებში მთავრობამ ანტიკრიზისული მასტერკლასი კარგად დაბალანსებული ბიუჯეტის წარმოდგენით უნდა ჩაატაროს.
მასტერკლასი უნდა ჩაატაროს ეფექტური, დარგობრივი და მიზნობრივი მართვით ეკონომიკისა კრიზისულ ვითარებაში.
სამწუხაროდ, არა მხოლოდ პრემიერი, არამედ მთლიანად მთავრობა დაემსგავსა გარდატეხის ასაკში მყოფ თინეიჯერებს, რომლებიც თავის მოწონებით და ყელყელაობით არიან დაკავებულნი.
ვერანაირი მასტერკლასი ვნახე. კობახიძის უზნეო ტერმინებზე კი კომენტარს არ გავაკეთებ. როგორც ჩანს, ნერვები აქვს ცუდ დღეში.
საქართველოს პარლამენტში მოვუსმინეთ მთავრობას და მის მეთაურს, რომელიც ქვეყანას არათუ კრიზისულ, არამედ ნორმალურ ვითარებაშიც კი სამშვიდობოზე ვერ გაიყვანს.
_ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპოზიციის რეიტინგი "განულებულია". მმართველი გუნდი შიდა კვლევაზე აპელირებს და გამარჯვებაში დარწმუნებულია... როგორ ფიქრობთ, ოპოზიციის კოორდინირებულად მოქმედების შემთხვევაში, "ოცნება" დაკარგვს თუ არა უმრავლესობას?
_ „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო უმრავლესობას ამომრჩეველი დააკარგვინებს, რომელიც ხედავს, რომ მმართველმა პარტიამ ყველანაირი მორალური ზღვარი დაკარგა და ვერ გაართვა თავი ჩვენი ქვეყნის უმძიმეს გამოწვევებს უკანასკნელი წლების განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ექიმების წყალობით ებრძოდნენ კონკრეტულ ინფექციას.
რაც შეეხება იმას, დაკარგავს თუ არა „ქართული ოცნება“ უმრავლესობას , ამომრჩეველი უზრუნველყოფს იმას, რომ დაკარგონ. ოპოზიციის კოორდინაცია და ერთმანეთთან თანამშრომლობა საჭიროა, იმისთვის, რომ ამომრჩევლის ნება ნორმალურად აისახოს შემაჯამებელ ოქმში. „ქართული ოცნება“, როგორც ყოველთვის ემზადება გაყალბებისთვის, მოსყიდვისთვის და მანიპულირებისთვის. რაც შეეხება კვლევებს, ჩვენ არ დავიწყებთ ტყუილების ლაპარაკს „ქართული ოცნებასავით“ და ზოგიერთ ფსევდო-ოპოზიციური პარტიასავით. კვლევებს აქვს საკუთარი ტექნოლოგია, თუ როგორ უნდა ჩატარდეს. სოციოლოგია არის ცალკე მეცნიერება, რომელიც მოითხოვს სიღრმისეულ მიდგომას... ჩვენ კონკრეტული კვლევები არ გვაქვს, მაგრამ გამუდმებით კონტაქტში ვართ კოლეგა ოპოზიციონერებთან, გამუდმებით კონტაქტში ვართ ამომრჩევლებთან და როდესაც დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს გუნდს, მას კვლევები არ სჭირდება იმისთვის, რომ ხედავდეს როგორი სიტუაცია და განწყობებია მოსახლეობაში.
რაც შეეხება იმ კვლევებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა, ის ხალხი ვინც 90-იანი წლებიდან ვართ პოლიტიკაში, ვიცით, რომ არსებობს გასასაჯაროვებელი დოკუმენტი . დიდი ეჭვი მაქვს, ბიძინა ივანიშვილს ამ დოკუმეტს აჩვენებდნენ და არა იმ ორიგინალ დოკუმენტს, რომელშიც ნათლად არის ასახული ეს განწყობები. ეს არ არის კვლევა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის სურვილების დეკლარაცია, მაგრამ ამ სურვილების განხორციელებას ვერაფრით მოახერხებს ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც 11 კონგრესმენი ითხოვს სანქციების დაწესებას. ამ კვლევის მეთოდოლოგიას რომ შევხედოთ, გამოკითხულია ათასი ადამიანი, ტელეფონით. ნებისმიერი სოციოლოგი გეტყვით, რომ ტელეფონით ჩატარებულ კვლევას მინიმუმ 8-9 % აქვს ცდომილება, ესეც არ იყოს, ათასი ადამიანი ძალიან ცოტაა. არ მშურს იმ გუნდისა, რომელიც ცდილობს იხელმძღვანელოს ამ კვლევებით. როგორც ვატყობ, ძალიან ბევრს „ქართული ოცნებიდან“ სჯერა ამ კვლევების. მაგათ უყვართ გამოთქმა და ამბობენ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო - კი ბატონო, თუმცა მათ არ ვურჩევდი ამ კვლევას დაეყრდნონ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ისინი იმდენად არაადეკვატურები არიან და მოწყვეტილნი რეალობას, ალბათ ფუჭი იქნება ეს რჩევა. დაველოდოთ, შევხვდებით 31 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან და იქ გამოჩნდება ყველაფერი.
_რა შანსები აქვს ცალკე აღებული თქვენს პარტიას, ,,ერთიან საქართველოს" , რამდენია თქვენი რეალური პროცენტი, რა პროგნოზი გაქვთ?
_ როდესაც ლაპარაკი მიდის პროგნოზზე, არის ორი გზა - ერთი „ოცნებასავით“ რაღაც საკუთარ კვლევებს ატარებენ და შემდეგ ავრცელებენ. მეორე გზა არის, რომ პარტიები გამოდიან და ზეპირად იძახიან არარსებულ ციფრებს , აქვთ ციფრები და 2-ზე და 3-ზე ამრავლებენ ხოლმე. ჩვენ ასეთ ხრიკებს არ მივმართავთ, ეს არ არის პარტია, რომელსაც ხელმძღვანელობს ადამიანი, ვინც გუშინ და გუშინწინ მოვიდა პოლიტიკაში. ჩვენ გვყავს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, გამოცდილი და პოლიტიკური ავტორიტეტის მქონე ლიდერი, მას ჰყავს თავისი ამომრჩეველი. თუ პანდემიური მდგომარეობა მოგვცემს ამის საშუალებას ჩვენ დაახლოებით ერთ თვეში დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას და შემდეგ გაომოჩნდება, რამდენი პროცენტი გვექნება და ვინ, როგორ გვიჭერს მხარს. ამ მხრივ, როგორც წესი, იღებენ წინა არჩევნების მონაცემებს.
_ წინა არჩევნების მონაცემები (ცესკოს მიერ დაფიქსირებულს ვგულისხმობ) წარმატების იმედს გაძლევთ?
_ წინა არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა უსინდისოდ გაგვიყალბა და 750 საჩივრიდან, როდესაც 3600 უბანი არის მთელ საქართველოში, ერთიც კი არ განიხილეს. მაშინ ამბობდა კიდეც ნინო ბურანაძე, ერთი უბანი მაინც გამიხსენით და თუ იქ 3% -ის მეტმა ხმა არ მომცა საერთოდ წავალ პოლიტიკიდანო და არც ერთი უბანი არ გახსნეს.
ახლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ხელისუფლებას, რომლის წინააღმდეგაც 11 კონგრესმენი ითხოვს სანქციების დაწესებას, ამის გაკეთების ფუფუნება აღარ ექნება. ასე, რომ შემიძლია გითხრათ, პროცენტებს და თვლას რომ თავი დავანებოთ, ჩვენი პარტიის პროცენტულ შედეგს თავად დაინახავენ ეკრანზე „ქართული ოცნების“ ლიდერი და მისი ქვეშევრდომები 31-ოქტომბერს, გარწმუნებთ თვალები გაუფართოვდებათ და პირი დარჩებათ ღია, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილის პირველი ტურის მერე მოუვიდათ. ყველას კარგად გვახსოვს შიშისგან მათი ფართოდ დაჭყეტილი თვალები.
- თქვენი პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს იმ მაგიდასთან ზის, სადაც მისი ოპონენტები არიან, მათ შორის ყოფილი მმართველი გუნდის წევრები. პარტიებს შორის არსებობს რიგ საკითხებში განსხვავებული ხედვები, როგორ უყურებს ამას თქვენი ამომრჩეველი და რას ეტყოდით მათ?
- ჩვენი ამომრჩეველი განსხვავდება სხვა ამომჩევლისგან და ამას ძალიან ადექვატურად უყურებენ. ჩვენ ვზივართ მოლაპარაკების მაგიდასთამ და არა სუფრასთან და საერთოდ, რა ველურობაა იმის ძახილი, ამასთან როგორ დაჯექი და იმასთან როგორ დაჯექი... ზუსტად იმ მხარესთან უნდა დაჯდე მოსალაპარაკებლად , რომელთანაც რაღაც წინააღმდეგობები გაქვს. ვისთანაც ყველაფერზე შეთანხმებული ხარ , შენი მხარდამჭერია, იმასთან რა საჭიროა მოლაპარაკება. ასე, რომ ეს არ არის ადეკვატური შეფასება , რასაც „ქართული ოცნების“ პიარტექნოლოგები ცდილობენ რომ დანერგონ. ერთ მარტივ მაგალითს გეტყვით: 26- მაისს დაზარალებული, გასამართლებული ადამიანები მათ შორის ჩვენი მთავარი საბჭოს ერთ-ერთი წევრი, რომლის მამასაც 26 მაისს 12 წელის მიუსაჯეს, ეს ადამიანები ერთხმად უჭერენ მხარს ამ გადაწყვეტილებას და პირიქით, ძალიან სასარგებლო და სწორ ნაბიჯად თვლიან იმას, რომ ჩვენ ვსხედვართ ერთ მაგიდასთან იმ ძალებთან ერთად, რომლებთანაც მწვავე ოპონირების რეჟიმში ბევრი წელი გავატარეთ და რომლებთანად ბევრი განსხვავება და წინააღმდეგობა დღესაც გვაქვს. ეს არის „ქართული ოცნების“ პიარტექნოლოგების უნიჭოდ დადგმული პიარსპექტაკლი, რომ დააკომპლექსონ ადამიანების გარკვეული ნაწილი. მათ მინდა ვუთხრა, რომ უბრალოდ ველური მიდგომაა, როდესაც ამბობენ: აი, ერთ მაგიდასთან როგორ სხედხართ. ვიმეორებ, ჩვენ არ ვსხედვართ სუფრასთან, ჩვენ ვსხედვართ მოლაპარაკებების მაგიდასთან და მეორეც - ქვაკუთხედია პოლიტიკური ურთიერთობების ის, რომ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ძალები და ხშირად მტრებიც კი დასხდნენ ერთ მაგიდასთან და რაღაცაზე შეათანხმდნენ, რაღაცაზე კი არ ვთანხმდებით, ჩვენ ვთანხმდებით ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა გუშინდელმა საპარლამენტო დღემ, რომ აუცილებელია ქვეყნისთვის , იმისათვის, რომ ყველანაირ სტანდარტს მოკლებული და მდარე ხარისხის ცირკი ისევ არ ვიხილოთ პარლამენტში.
ქვეყანა შედის უმძიმეს კრიზისში, ოპტიმისტური გათვლებითაც კი ამ კრიზისიდან გამოსვლისთვის ჩვენ 3-დან 5-წლამდე დაგვჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ნათია თურნავა, საქართველოს პოლიტიკისა და ეკონომიკის სტანდარტებისთვისაც კი ჯერ არნახულ ტყუილებს გვეუბნება. პრინციპულად მნიშვნელოვანია, ისტორიული მნიშვნელობა აქვს იმას თუ როგორი მთავრობა ეყოლება ამ მძიმე წლებში ჩვენს ქვეყანას.
- გარდა სააერჩევნო სისტემისა, რა არის დღეს ოპოზიციის საერთო მიზანი, რა გეგმა გაქვთ, რამაც ერთ მაგიდასთან დასვა იდეურად განსხვავებული პარტიები?
- ოპოზიციის უმთვრეს მიზანს მე ასე ვხედავ, სხვა კოლეგა ოპოზიციონერები ბუნებრივია თავის მოსაზრებას იტყვიან, ჩემთვის უმთავრესი არის, ოპოზიციის შიდა კოორდინაცია იმისათვის, რომ არ შეიძლება ერთი კაცის ჯიბეში იდოს ქვეყანა და ქვეყანა იმართებოდეს სადღაც მთაზე განლაგებული შუშის საახლიდან ისე, რომ არავინ იცოდეს რა ხდება. 21-ე საუკუნეში მე არ ვიცი არც ერთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელიც არაფორმალური მმართველისგან იმართება ისე, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი გვითხრა. ის ხალხი, ვისაც არ აქვს პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთმა კაცმა ჩაიგდოს მთელი მისი სამშობლო ჯიბეში, ასეთ ხალხს ვერაფერს გავაგებინებთ და მათთან საუბრისთვის არც ვაპირებთ დროის დაკარგვას ,ამ ძალიან მნიშვნელოვაი არჩევნების წინ.
- სწორედ არჩევნებს რომ მივუბრუნდეთ, პარტიები ალაბათ შექმნიან საარჩევნო ბლოკს. სად იქნება ნინო ბურჯანაძე, რამდენად შესაძლებელია ვიხილოთ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ერთად ბლოკში?
- ჩვენ ვართ თვითკმარი პოლიტიკური პარტია, პარტიული აქტივიდანაც გამომდინარე , ასე რომ ჩვენ ამ ეტაპზე არ განვიხილავთ არანაირ საარჩევნო ბლოკს ჩვენ ამომრჩევლებს წარვუძღვებით დამოუკიდებლად, თუმცა ოპოზიციასთანაც კოორდინაციაში ვიქნებით, იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს ნორმალურ, მშვიდ გარემოში და იმ გათავხედებულმა ხელისუფლებამ, რომელიც ქუჩური ტერმინებით გველაპარაკება მაღალი ტრიბუნებიდან, ვერ გაბედოს არჩევნებით მანიპულირება.
- ოპოზიიის კოორდინირებული მოქმედება ახსენეთ და აქვე გკითხავთ, თუ გავითვალისწინებთ რომ საარჩევნო წელს განსაკუთრებულად გააქტიურდით საჯარო პოლიტიკაში, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ იქნებით მაჟორიტარობის კანდიდატი?
- მაჟირიტარობის კანდიდატად ჩემი კანდიდატურა პარტიაში არ განიხილება, თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ შედგება ოპოზიციურ პარტიებს შორის მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება ოლქების ნაწილში მაინც, შეიძლება ყველა ოლქში ვერ მოხდეს შეთანხმება, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, უმეტეს ოლქში ეს შესაძლებელია. ის, რომ ყველა ოლქში ვერ ვიქნებით, ამაში არაფერია ტრაგიკული და გაგებით მოეკიდება ყველა. ასე, რომ რამდენიმე მაჟირიტარობის კანდიდატი სავარაუდოდ ჩვენი პარტიიდან იქნება წარდგენილი საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან, მოხდება მისი განხილვა, აქ არ იქნება რაღაც კვოტირების მიხედვით, ძალიან გამოცდილი ხალხია შეკრებილი საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან და ისინი განსაზღვრავენ, ვის მეტი შანსი აქვს კონკრეტულ ოლქებში და არა მაინცდამაინც ვინმეს ჯინაზე მოხდეს ამ კანდიდატების დაყენება. ძალიან კულტურულად, პროფესიონალურად, როგორც გამოცდილ პოლიტიკოსებს შეეფერება, მოხდება გადანაწილება და ჩვენი პარტიიდან რამდენიმე კანდიდატი იქნება წარდგენილი.
თამარ სანაძე
newposts.ge
მასალის გამოყენების პირობები






