საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით დღეს ვაზიანში, ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონია გაიმართა.
არტილერისტებს საიუბილეო თარიღი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიულოცა. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა ის დღეს შეხვდა არჩეულ პრეიზდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს მათი მილოცვაც გადასცა.
"საქართველოში არტილერისტების განსაკუთრებული ტრადიციაა, ყოველთვის ძლიერი იყო ეს ქვედანაყოფი და განსაკუთრებით I ბრიგადა, რომელიც 20 წლის წინ შეიქმნა. მინდა მადლობა ვუთხრა მათ და დავპირდე, რომ მათთვის შეიქმნება ყველა პირობა, ტექნიკური საშუალება, რომ ეფექტურად გააგრძელონ ჩვენი ქვეყნის საზღვრების და უსაფრთხოების დაცვა. მე დღეს შევხვდი გიორგი მარგველაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილსა და დავით უსუფაშვილს და მათ მთხოვეს პირადად გადმომეცა მათი მილოცვა, რაც მე სიამოვნებით გავაკეთე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრმა დღესვე ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ თაბუკაშვილი მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული" დააჯილდოვა. გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ კი პირველი საარტილერიო ბრიგადის შტაბის უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ ირაკლი თავდგირიძეს მედალი "გენერალი მაზნიაშვილი" გადასცა. ასევე, ირაკლი ძნელაძემ კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე, მაიორი თემურ ძიძარია და კაპიტანი გიორგი კელაპტრიშვილი უწყებრივი მედლებით "სამშობლოსათვის თავდადებული" დააჯილდოვა.
დღესვე ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ღია კარის დღე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებთან და ახლობელებთან ერთად დაბა ვაზიანის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპეციალურად ამ დღისთვის ბრიგადაში გამოფენილი სხვადასხვა სახის საარტილერიო ტექნიკა დაათვალიერეს.
მასალის გამოყენების პირობები






