საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაზე ე.წ. გულებიანი დროშის აღმართვამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სახელმწიფო დროშის ჩანაცვლებას, თუნდაც ერთი დღით, რეაქცია მოჰყვა მთავრობის მხრიდანაც, რომელმაც პრეზიდენტს მოუწოდა, დაუყოვნებლივ აღემართა სახელმწიფო დროშა რეზიდენციის შენობის თავზე.
ქვეყნის პირველი პირის პასუხიც საკმაოდ გაღიზიანებული იყო: მან „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მთავრობის წევრებს ზედმეტი მოსდით, როცა დროშა, რომლითაც ამაყობს, მისგან იცავენ.
სახელმწიფოს პირველი პირის რეზიდენციაზე გულის სიმბოლოს გამოსახვის იდეა მიხეილ სააკაშვილს არ ეკუთვნის და ის 10 წლის წინ, ჩეხეთიდან იღებს სათავეს.
პრაღის ჰრადის ფასადზე, ანუ, ჩეხეთის დედაქალაქში მდებარე განთქმულ ციხესიმაგრეზე, სადაც პრეზიდენტის სასახლეც იყო განთავსებული, 2002 წლის დეკემბერში ჩეხეთის რესპუბლიკის მაშინდელი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ინიციატივით უზარმაზარი წითელი ნეონის გული აინთო.
ნეონის გული 15 მეტრის სიმაღლის იყო და თითქმის პრაღის ყველა წერტილიდან ჩანდა. ვაცლავ ჰაველმა, რომელსაც პრეზიდენტობის ბოლო ვადა ეწურებოდა, ამ ჟესტით მოისურვა თანამოქალაქეებთან გამოთხოვება და იმის მინიშნება, რომ ისინი უყვარდა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ნეონის გულს სახელმწიფო დროშა არ ჩაუნაცვლებია და წითელი გული არც ჩეხეთში მოქმედი რომელიმე პარტიის სიმბოლოსთან ყოფილა ასოცირებული.
წითელი გულის არჩევა ვაცლავ ჰაველის მხრიდან არ ყოფილა შემთხვევითი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძალიან ხშირად ვაცლავ ჰაველი თავისი ხელმოწერის გასწვრივ წითელ გულს ხატავდა. ამის მიუხედავად, ჩეხეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ წრეებში კრიტიკულად შეხვდნენ. საზოგადოებას პროტესტი არ გამოუთქვამს, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც პრაღის ისტორიულ შენობაზე თანამედროვე სიმბოლოს აღმართვა არასერიოზულ ნაბიჯად მიიჩნია.

ამის მიუხედავად, „ვაცლავ ჰაველის წითელი გული“, უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად 2012 წლის 17 დეკემბრიდან ბრიუსელში, ევროპის პარლამენტის ფასადს ამშვენებს და ამით ევროპელები ჩეხეთის სახელგანთქმული პრეზიდენტის ხსოვნას მიაგებენ პატივს.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






