ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ დარბაზიდან გასვლამდე პრემიერი ოპოზიციას ისევ მასკარადის დადგმაში დაადანაშაულებს.
„ბატონო პრემიერო, რომ მქონდეს იმის მოლოდინი, ნათლად და მიუკიბ-მოუკიბავად უპასუხებდით შეკითხვებს, მაშინ გკითხავდით მაგალითად, რა დახმარებას ჰპირდებით ემიგრაციიდან დაბრუნებულ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ოჯახებს კი არა, საკუთარ თავებსაც ვეღარ ინახავენ. რა ცნობებს მოელით მათგან? შეგეკითხებოდით, მაგალითად, მადლობისა და ტაშის შემდეგ, რა დახმარება შეგიძლიათ, გაუწიოთ დღე-ღამე მომუშავე სამედიცინო პერსონალს, განსაკუთრებით, იმ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც მიზერულ თანხაზე მუშაობენ. რა მიზეზი ჰქონდა თქვენს საბჭოს, როდესაც სახლებში წიგნის მიტანა აკრძალა. მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში სახლში დარჩენილი მოსახლეობისთვის წიგნი ნუგეშის, განათლებისა და ფსიქოლოგიური სტრესის მოხსნის საშუალება იყო, ჩვენთან კი, ეს არ გახლდათ. აღარ შეგეკითხებით იმას, თუ ამ უამრავი დროის განმავლობაში, მუდმივი დაპირების მიუხედავად, რატომ არ არის წარმოდგენილი ბიუჯეტი, კრიზისის შესაბამისად შეცვლილი, ხოლო რაც გაკეთდა იმ ბიუჯეტით, ნეპოტიზმისა და კორუფციის უამრავ კითხვის ნიშანს შეიცავს, რაც აქ კიდეც გაჟღერდა, ეს არის ფასების მატების, საამაყო პირბადეების, თუ სხვადასხვა შესყიდვების სახით. კიდეც რომ გკითხოთ ბატონო გიორგი, თქვენგან მოვისმენ მენტორულ პასუხებს, რომ „ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ, ეს შეკითხვა უაზრობაა, მაკსკარადს ვხედავთ“ და ასე შემდეგ. ბოლოს აუცილებლად იტყვით - „წერტილი“. სად ვითვალოთ თქვენი წერტილები ბატონო გიორგი. ამიტომ, არც კი ვიცი, უნდა მოვისმინო თუ არა თქვენი პასუხები.კიდევ ერთი, თქვენი მთავრობის მუშაობის შემხედვარე აუცილებლად გაახსენდება ადამიანს რობერტ ბერნსის ერთი ფრაზა, ლექსია და მინდა ფრაზა ვთქვა. ვფიქრობ, რომ ის ესადაგება თქვენი მთავრობის მუშაობას და თქვენი ნებართვით ვიტყვი: „ცხენების ჩონჩორიკს რომ უნდა ხვეტავდნენ, ისინი ქვეყანას ამ ძნელბედობის ჟამს მართავენ“. ძნელბედობაა ბატონო გიორგი ახლა და თქვენი „წერტილები“ ჩვენს მოსახლეობას ვერაფერში დაეხმარება, - თქვა ნატო ჩხეიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






