ბურჯანაძემ მედიასთან 10 წლის წინ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენა და თქვა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები კი არ დაშალა, არამედ დასაჯა.
"ჩვენთვის, აქ შეკრებილებისთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის დღევანდელი ღამე ძალიან მძიმეა ემოციურად და ამავდროულად ჩვენი სიამაყის საგანიც. ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო უკეთესი და საქართველო ყოველ 26 მაისს შეხვედროდა მშვიდობიანი, წელში გამართული ერთიანი და სამართლიანი.
სამწუხაროა, რომ დღესაც იგივე რეალობაა, რაც წლების წინ იყო და ის ამოცანები, მიზნები და იდეები, რომელიც ჩვენს წინაპრებს 26 მაისთან დაკავშირებით ჰქონდათ ჯერაც არ არის განხორციელებული. არც სუვერენული ქვეყანა გვაქვს, არც ერთიანი, არც სამართლიანი, არც დემოკრატიული და არც ეკონომიკურად წელში განვითარებული ქვეყანა გვაქვს.
ეს ძალიან სამწუხაროა, და რაც მთავარია, არც ისმის გარანტია გვაქვს, რომ ხვალ იგივე არ განმეორდება რაც მოხდა 26 მაისს, როდესაც ხელისუფლებამ გაწირა საკუთარი ხალხი, როდესაც კი არ დაშალა მიტინგი, არამედ დასაჯა თავისი ხალხი და ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ქვეყანაში სამართლიანობა ერთხელ და სამუდამოდ აღდგება და ვერასდროს ვერავინ გაბედავს ადამიანების უსამართლოდ დასჯას, დაპატიმრებას, ცემას, უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებების გამოტანას და ხელისუფლების მიტაცებას"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების შეცდომების გამოსწორების ნაცვლად, ძალიან ცუდი მეთოდები გადმოიღო წინა ხელისუფლების მმართველობიდან და იგივე გზით აგრძელებს ქვეყნის მართვას.
"ეს სამარცხვინო, ძალიან სამწუხარო და ძალიან მტკივნეულია დღევანდელ დღეს, როცა ვხედავთ, რომ ქვეყანა ერთი ადამიანის ჯიბეშია და სამართლიანობასთან და წარმატებასთან ქვეყანას ძალიან დიდი მანძილი აშორებს"- აცხადებს ბურჯანაძე.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილებმა პარლამენტის შენობასთან სანთლები დაანთეს. ამავდროულად ბურჯანაძემ მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეც მიულოცა.
მასალის გამოყენების პირობები






