არავინ არ არის დაეჭვებული ევროატლანტიკურ კურსში, მათ შორის არც მეუფე ანტონი მათ შორის - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.
მეუფე ნიკოლოზმა მეუფე ანტონის განცხადებები შეაფასა და მისი თქმით, მიტროპოლიტი არა ევროატლანტიკური კურსის არამედ მისი გამყალბებლების წინააღმდეგია.
"არავინ არ არის დაეჭვებული ევროატლანტიკურ კურსში, არც მეუფე ანტონი მათ შორის. მეუფე ანტონმა თქვა, რომ სინოდზე დააყენებს ევროატლანტიკური ალიანსის და ევროპული ორიენტაციის საკითხს კი არა, არამედ საკითხს იმის შესახებ, რომ ჩვენ არ ვპასუხობთ ამ ცილისწამებას და ბრალდებებს, რომლებიც ხშირად გაისმის სხვადასხვა ტელევიზიით ჩვენს მიმართ. უპასუხოდ რჩება და ეს საშუალებას აძლევს იმ ხალხს, ვინც ამას აკეთებს, რომ განავითაროს და განავითაროს.
თვითონ მეუფე ანტონსაც ვიცნობ, არაჩვეულებრივი პიროვნებაა, არაჩვეულებრივად აქვს მოწყობილი ეპარქიაში საქმე, ხშირად დადის თვითონ ევროპაში, მადლობა ღმერთს, მეც ხშირად ვყოფილვარ ევროპაში და ამერიკაც მომივლია.
ევროპულ ღირებულებებზე კი არ არის საუბარი, რასაც მეუფე ანტონი ამბობს, არამედ იმ ევროპული ღირებულებების პროფანაციაზე, გაყალბებაზე, ტრანსფორმაციაზე, რაც ჩვენ ხშირად გვესმის ტელევიზიებიდან" - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მასალის გამოყენების პირობები