ლეგენდარული ქართველი გენერალი, რომელმაც აგვისტოს ომში რუსეთს ანტისარაკეტო ფარი შეუქმნა - თავისუფალი საქართველოსთვის მებრძოლი გმირის უცნობი ისტორიები აფხაზეთიდან აგვისტოს ომამდე
პოლიტიკა - 23:58, 25 May, 2020     9070
გასული საუკუნის საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიას ჰყავს გამორჩეული სამხედრო მოღვაწეები, რომლებმაც თავიანთი შეგნებული ცხოვრება თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლას შესწირეს. საბჭოთა იმპერიის პირობებში, მათი სახელები მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი, თვით ისეთი გამორჩეულად დიდი ქართველისა, როგორიც ქაქუჩა ჩოლოყაშვილი იყო. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია კვლავაც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის კვალდაკვალ იწერება და ამ ისტორიაში ყველაზე დიდი წილი სწორედ ეპოქალური მნიშვნელობის ქართველ გენერლებზე მოდის.

ლეგენდარული ქართველი გენერალი დევი ჭანკოტაძე, რომელმაც აგვისტოს ომში რუსეთს ანტისარაკეტო ფარი შეუქმნა - ასე ახასიათებენ დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველ ქართველ სამ ვარსკვლავიან გენერალს კოლეგები და ომში შეძენილი მეგობრები.

"ნიუპოსტი" სწორედ მათზე დაყრდნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის დევი ჭანკოტაძის გმირობის ამ დრომდე უცნობ დეტალებზე მოგიყვებათ. დეტალებზე, რომელიც ნებისმიერი ჯარისკაცის სახელმძღვანელო უნდა იყოს.

თავად გენერალი ჭანკოტაძე ამ ეტაპზე ვრცელ ინტერვიუზე არ დაგვთანხმდა და თქვა, მხოლოდ ის რომ "ყველა, ვინც იბრძოდა 2008 წლის ომში, აფხაზეთსა და ცხინვალში, ამაყობს იმით, რომ დაეჯახა რუსეთს და ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შესაჩერებლად ყველაფერი გააკეთა".

გენერალ ჭანკოტაძის თანამებრძოლები სიამაყით აღნიშნავენ, რომ გამოცდილმა სამხედრომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში 1/5-ზე შეფარდებით, მამაცობის მასტერკლასი აჩვენა, როცა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრილ ოკუპანტს სატანკო ბატალიონი - 33 რუსული ტანკი გაუნადგურა.

ქართველმა არმიამ კი სტრატეგიული რუსული ბომბდამშენები ერთი მეორეს მიყოლებით გაანეიტრალა (სამი SU-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავ, TU-22M3 სტრატეგიული ბომბდამშენი და ორი SU-24M ტიპის თვითმფრინავი).

გენერალი მამუკა ყურაშვილი ერთ-ერთია იმ სამ გენერალს შორის, ვინც 2008 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, დევი ჭანკოტაძესთან, ზაზა გოგავასთან და სრულიად ქართულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა.

"სიდინჯე, პრაგმატულობა და პროფესიონალიზმი"- გენერალი ყურაშვილი ამ ეპითეტებს იყენებს თანამებრძოლისა და მეგობრის დახასიათებისას.

მისი თქმით, დევი ჭანკოტაძე ისტორიული მნიშვნელობის გენერალია და ეს მან თანამედროვე ქართული სახელმწიფოს არსებობის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცა.

"დევი ყველა ომში, წინა ხაზზე იყო. ყველა ომი ერთად გავიარეთ, სხვა დამსახურებულ საველე მეთაურებთან ერთად, ქვეითი ჯარიც დიდი დამსახურებებით მოქმედებდა. იგივე აფხაზეთის ომში, იყვნენ მეთაურები, რომლებიც საქართველოს რეალობაში ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებლები არიან. მაგალითად ბატონი გია ყარყარაშვილი, რომელიც ბრწყინვალე მეთაურთან ერთად, წარმატების თალისმანი იყო. მინდა, ძალიან დიდი მადლიერება გამოვხატო იმ პირადი შემადგენლობისა თუ მეთაურების რგოლისადმი, საიდანაც დევი, როგორც მეთაური წარმოიშვა. ამ ადამიანებს დევი ჭანკოტაძის კარიერაში დადებითი კვალი აქვს. აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ, ქართული არტილერიის პატრიარქი, გენერალი ემზარ ჭოჭუა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის პოლკის დამაარსებელი, პოლკოვნიკი ტარიელ აბუაშვილი, პოლკოვნიკი ალექსი ბარბაქაძე, ჯემალ ჭუმბურიძე, თამაზ დუმბაძე და სხვები... ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც შექმნეს ქართული შეიარაღებული ძალები. ამ საქმეში კი თავისი გმირობით და თავგანწირვით განუმეორებელი კვალი დატოვა გენერალმა დევი ჭანკოტაძემ"- აცხადებს "ნიუპოსტთან" გენერალი მამუკა ყურაშვილი.

გენერალ დევი ჭანკოტაძის მეგობრები აფხაზეთის ომში მის მიერ გამოჩენილი გმირობის შესახებ გვიყვებიან, როცა ახალგაზრდა ჭანკოტაძემ გუმისთასთან არნახული თავგანწირვა გამოიჩინა და ქართველი მეომრები რუსის ტყვიით მკვლელობისგან იხსნა - მას შემდეგ, რაც ქართველმა მეომრებმა გუმისთასთან, კონკრეტული ტერიტორია აიღეს, მათ უკან გამოსვლა ვერ შეძლეს, რადგან რუსული სამხედრო ნაწილის პირისპირ აღმოჩნდნენ. ფაქტობრივად განწირულები, სიკვდილისგან გუმისთის მეორე მხარეს თავისი არტილერიით გამაგრებულმა დევი ჭანკოტაძემ იხსნა, მან საარტილერიო ცეცხლი გახსნა, ამის შემდეგ კი ქართველ მეომრებს შედარებით ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდათ და ალყიდან თავის დაღწევა მარტივად შეძლეს.

2008 წლის აგვიტოს ომის მონაწილეები კი დღესაც აღფრთოვანებით საუბრობენ იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც ქართული არტილერიის ერთადერთი და უალტერნატივო წარმომადგენლთან ურთიერთობის შედეგად მიიღეს.

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის ომის დროს რუსულმა რეგულარულმა ჯარმა ისეთი საარტილერიო დარტყმა მიიღო, რომელიც რუსეთის არმიას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მიუღია.
რუსებიც კი აღიარებენ, რომ ქართული არმიის მომზადებამ მოლოდინს გადააჭარბა. აგრესორმა ქვეყანამ კონტინენტთაშორისი ბომბდამშენები, სტრატეგიული ავიაციის საფრენი აპარატები და სხვა საბრძოლო ტექნიკა თვალის ერთ დახამხამებაში დაკარგა.

ეს ყველაფერი კი გენერალური შტაბისა და მისი უფროსის, გენერალ ზაზა გოგავას სტრატეგიული მოქმედების, ქართული ჯარის თავგანწირვისა და არტილერიის ასეთი მაღალი დონის წინააღმდეგობის შედეგია. მეტიც, მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ წინააღმდეგობის ჯაჭვმა და პროფესიონალიზმმა საშუალება არ დაუტოვა რუსეთს, ოკუპანტის დროშა დედაქალაქის მთავარ გამზირზე აფრიალებულიყო. ამას ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ. ეს წარმატება სწორი მენეჯმენტის გარეშე, უმაღლესი მთავარსარდლის, ბატონი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაწეული შრომის გარეშე წარმოუდენელი იქნებოდა. განსაკუთრებული როლი, როგორც გითხარით, გენერალური შტაბის უფროსს ზაზა გოგავას უჭირავს. ეს ერთი მექანიზმია, განუყოფელი გვარებია... შეიარაღებულ ძალებთან ერთად, გენერალ დევი ჭანკოტაძის დამსახურებით, ხეობაში ჩარჩენილი 8 200 მშვიდობიანი მოქალაქე უვნებლად გადარჩა"- უთხრა "ნიუპოსტს" გენერალმა მამუკა ყურაშვილმა.

მისი თქმით, განცხადებები, რომ აგვისტოს ომის დროს მმართველობითი რგოლი ჩამოშლილი იყო, მტკნარი სიცრუე და მტერი სახელმწიფოს რიტორიკის გაგრძელებაა.

"ეს დამახინჯებული, მოწინააღმდეგის ინტერესებზე მორგებული ცრუ განცხადებებია, რომელიც მტრის გულის დასაამებლად კეთდება. იქ იყო სამი გენერალი - ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი და დევი ჭანკოტაძე! რუსეთის ინტერვენციის დროს იქ იყვნენ ზურაბ ფოჩხუა, ბატონი დავით ნაირაშვილი, სახმელეთო ჯარების სარდლობა. ჩვენ არაფრის მოგონება არ გვჭირდება.

ბოლო წამამდე უმაღლესი მთავარსარდლის, გენშტაბის და ყველა ჩვენგანის მთავარი ამოცანა იყო ომისთვის თავი აგვერიდებინა. ჩვენი წარმატება, გადარჩენილი მოქალაქეები, შენარჩუნებული სახელმწიფოებრიობა, ქვეყნის განვითარება და წინსვლა დემოკრატიული და ევროატლანტიკური ალიანისკენ, პირველ რიგში იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც მუხათგვერდის სასაფლაოზე წევს. შეგნებულად არ ვყოფ 90-იან წლებში ომის ველზე დაღუპულებსა და 2008 წელს გარდაცვლილ გმირებს, ვინც ამას აკეთებს ქართული სახელმწიფოს მტერია" - დასძინა გენერალმა ყურაშვილმა.

"ბატონი გენერალი საქმის პროფესიონალია" - ამ სიტყვებით დაიწყო "ნიუპოსტთან" გენერალმა ზაზა გოგავამაც და აგვისტოს ომის გმირის დამსახურებას გაისვა ხაზი:

"გენერალი დევი ჭანკოტაძე საკუთარი საქმის პროფესიონალია და ეს გამოცდილება, არ მოდის მარტო იქიდან, რომ მას პროფესიული უმაღლესი განათლება საარტილერიო სკოლაში აქვს მიღებული.

მისი გამოცდილება აფხაზეთის ომიდან იწყება და 2008 წელს სახეზე იყო ის წარმატება რასაც არტილერიამ სხვა დანაყოფებთან (ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, ქვეითები, საბრძოლო დაზვერვა) ერთად მიაღწია. დიდი წვლილი ჰქონდა გაერთიანებულ შტაბს, დაწყებული სახმელეთო ჯარებიდან, დამთავრებული გენერალური შტაბით, დაგეგმარებით, ამ ყველაფრის დაგვირგვინებაში საჭიროა პროფესიონალიზმი, რაშიც ბატონი გენერალი გამოირჩევა, როგორც საველე მეთაური და საქმის პროფესიონალი.

ბატონი გენერლის წვლილი დიდია ომამდეც, როცა მისი თაოსნობით საარტილერიო ბრიგადა გაძლიერდა"- აღნიშნავს გენერალი გოგავა.

დევი ჭანკოტაძის ფიგურა და როლი უცხო არ არის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის. გენერალი გია ყარყარაშვილი ამბობს, რომ ჭანკოტაძის რესურსი ჰაერში გასაფლანგი არ არის:

"პირველი გვარდიის პირველი ასეულის მეთაური იყო გვარდიის შექმნის დღიდან. შესანიშნავი არტილერისტი, და რაც მთავარია ერთგული მეგობარი და თანამებრძოლი ყველგან ყველა ბრძოლაში, რომელიც განვლეთ 1992-1993 წლებში.

2008-ში მისი ყოფნა და კვალიფიკაცია ყველამ კარგად იცის. ჭანკოტაძის გამოცდილება 2004 წლიდან რომ ყოფილიყო გამოყენებული, ბევრად უკეთესი იქნებოდა, რადგან მას იმხელა გამოცდილება გააჩნდა, რომ საცოდაობა იყო მისი ჯარიდან დათხოვნა. 2008 წლის გაზაფხულზე დანიშნულმა თავისი კვალიფიკაცია ანახა აგვისტოს ომში და ამის შემდეგ გენერალური შტაბის თანამდებობაც კი მიიღო"- უთხრა "ნიუპოსტს" გენერალმა ყარყარაშვილმა.









გენერალ–ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე

განათლება:

1978-1982 – თბილისის უმაღლესი საარტილერო სამეთაურო სამხედრო სასწავლებელი.

2001 წელი - ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი (პეკინი) უმაღლესი სამეთაურო კურსები.

სამუშაო გამოცდილება:

1991-1992. - ქ.გორის #11 ბატალიონის შტაბის უფროსი.

1992-1994 - ეროვნული გვარდიის საარტილერიო პოლკის მეთაური.

1994-1995 - ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი.

1995 - პირველი საარტილერიო ბრიგადის მეთაური.

1996-1999 - მთავარსარდლის რეზერვის საარტილერიო ბრიგადის მეთაური.

1999-2000 - არტილერიის სარდალი.

2000 წელი - საქართველოს შეიაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე.

2004 - დსთ-ს ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბში სამხედრო ძალების წარმომადგენელი.

2004 - თავდაცვის პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის თავდაცვის ატაშეების ოფისის სამხედრო წარმომადგენელი დსთ-ს ქვეყნების თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბში.

2004 -2005 წლები - თავდაცვის პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის თავდაცვის ატაშეების ოფისის თავდაცვის ატაშე.

2007-2008 - სახმელეთო ჯარების საარტილერიო ბრიგადის მეთაური.

2008 წლის აგვისტო - საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე.

2009-2012 წლები - გენერალური შტაბის უფროსი.

ჯილდოები:

1995 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი.

2002 - სამშობლოს ერთგულებისა და თავდადების I ხარისხის ნიშანი.

2008 წელი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის (I–ლი ხარისხი) მედალი.

2013 წელს ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა სარდალმა და ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა, დევი ჭანკოტაძეს ორდენი სამხედრო დამსახურებისთვის (Legion of Merit ) გადასცა.

წოდება:

გენერალ–ლეიტენანტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42