ზუგდიდში "ევროპული საქართველოს" წევრის და საკრებულოს დეპუტატისთვის ბრალის წარდგენას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ეხმაურება.
უგულავა ამბობს, რომ შელიას საქმე დაახლოებით იმავე სცენარით მიმდინარეობს, რა სცენარითაც "მის მიერ ძიუდოისტის ცემის" საქმე წარიმართა.
უგულავას თქმით, ბათლომე შელია ერთ-ერთი გამოკვეთილი ადგილობრივი პოლიტიკოსია ზუგდიდში, წარმოადგენს ევროპულ საქართველოს და მას აქვს მართლა მრავალმხრივი ბიოგრაფია, მათ შორის პოლიტიკური, რაც საკმარისია იმისთვის, რომ "ქართული ოცნება და მათი პროკურატურა მას ველურად მოექცეს".
"მე მაქვს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ძიუდოისტი „ჩამიდეს“ და დამაბრალეს, რომ მე ვცემე ის ძიუდოისტი.
დაახლოებით ანალოგიური სცენარით ვითარდება ეს სიტუაციაც.
საქმე ის არის, რომ არავის ამის აღარ ეშინია. რაც არ უნდა ბრალდებები დაკიდო კისერზე ადამიანს, რაც არ უნდა შეაშინო პროკურატურით და ა.შ. სიტუაცია მაინც არ შეიცვლება. ის ორმაგი სტანდარტი, რაც დამკვიდრებულია, რომ თავისიანებს არაფერი და კანონის სრული სიმკაცრე უნდა შეეხოს მარტო ოპოზიციას, ბუმერანგივით მოუბრუნდება ქართულ ოცნებას, ამიტომ არაფერს ეს არ შეცვლის, გარდა იმისა, რომ დააზიანებს საერთაშორისო რეპუტაციას ქართული ოცნების და თვითონ ქართულ ოცნებას დააზიანებს, ეს მათი არჩევანია და ბათლომე შელია ამით არაფერს დაკარგავს", - თქვა უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






