ამ დრომდე ცნობილია ის, რომ ყოფილი პრემიერი პოლიტიკურ აქტიურობას აპირებს. ციხიდან გამოსვლის შემხეგ მერაბიშვილმა თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად.
"ნიუპოსტი" ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნისგან, თავდასცისა და განათლების ყოფილი მინისტრისგან შეეცადა მიეღო პასუხი, რა ინფიორმაცია აქვს მას და სად ხედავს მერაბიშვილის ადგილს.
მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის დირექტორი და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ სამომავლო გეგმებზე მერაბიშვილი თავად ისაუბრებს, თუმცა რაც შეეხება მის პოხზიციას, განათლების ყოფილი მინისტრი არ მალავს, რომ თუ მერაბიშვილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობის რიგებს გააძლიერებს, ამას მხოლოდ მიესალმება.
ენმ-ს პოლიტიკური საბჭოსა და სამდივნოს წევრმა ჩვენთან საუბარი მერაბიშვილის მიერ გატარებული რეფორმების შეფასებით დაიწყო:
"ვანო მერაბიშვილის სახელს ძალიან ბევრი წარმატება და რეფორმა უკავშირდება. მერაბიშვილმა შექმნა ახალი პატრული. მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ეს რეფორმა, რომლითაც ყველა ქართველი ამაყობს. მერაბიშვილმა უმნიშვნელოვანესი როლი შეიტანა კორუფციასთან ბრძოლის პროცესში და ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში. მერაბიშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც "რუსთავის ჰაბი" შექმნა, სადაც ათიათასობით ქართველი დასაქმდა.
მერაბიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა რაბათის რეაბილიტაცია და ამ უნიკალური ძეგლით დღეს ყველა ამაყობს.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ მინდა, ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენო, იმ წვლილის შესახებ, რომელიც ვანოს საქართველოს აღმშენებლობის საქმეში აქვს შეტანილი. ბუნებრივია, ეს პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ხდებოდა.
მერაბიშვილი, როგორც ეს მან თავად განაცხადა, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას. მან დაახლოებით შვიდი წელი, ციხეში, სამარტოო საკანში, ძალიან მძიმე პირობებში გაატარა. მის მიმართ ყველა ნორმა იყო დარღვეული. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც მინდა შევახსენო საზოგადოებას - უმაღლესმა სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ მერაბიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა"- აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მისი თქმით, პატიმრობის 7 წლის განმავლობაში მერაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ სრულ თავისუფლებას სთავაზობდნენ, თუმცა მერაბიშვილი არ გატყდდა და სიმართლის მხარეს დადგა.
"მას შეეძლო ნებისმიერ დროს დაეტოვებინა საპყრობილე, ქართული ოცნების წარმომადგენლები მერაბიშვილს პატიმრობაში ყოფნის სხვადასხვა პერიოდში სთხოვდნენ, ცრუ ჩვენება მიეცა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, რაც მერაბიშვილმა არ გააკეთა და როგორც თვითონ ამბობს აირჩია ერთადერთი სწორი გზა - ეს არის სიმართლის გზა. ტყუილს ციხეში 7 წლის გატარება არჩია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმაც, მიხეილ სააკაშვილმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ მერაბიშვილს ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ვანომ სინათლესა და სიბნელეს შორის სინათლე აირჩია და მხოლოდ ამის გამო დაისაჯა"- ამბობს შაშკინი.
ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, მერაბიშვილი თავად გადაწყვეტს რა ფორმით ჩაერთვება ქართულ პოლიტიკაში.
"თუ ის აირჩევს "ნაციონალურ მოძრაობას" და ენმ-ს ეგიდით გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას პირადად მე ძალიან მოხარული ვიქნები. რადგან ვანოს შეუძლია ძალიან დიდი როლი ითამაშოს ჩვენი პარტიის გაძლიერებაში.
ჩემი მოსაზრებით, მას შეუძლია პარტიის გაძლიერება სამცხე-ჯავახეთში. რაბათის რესტავრაციის შემდეგ, ამ რეგიონში მერაბიშვილის რეიტინგი განსაკუთრებით მაღალია და განსაკუთრებით უყვარს ხალხს. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ამ რეგიონს ბანდიტები დაეპატრონნენ და მაფიოზური წესებით მოქმედებენ.
აქვე ვიტყვი, რომ ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დაველოდოთ ვანოს გადაწყვეტილებას, ის ამის შესახებ თავად ისაუბრებს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თუ ის თავის წვლილს შეიტანს პარტიის განვითარებაში"- დასძინა შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






