"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე დღეს მოხდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და პარლამენტის როლი მინიმუმამდე დაჰყავს, შასამამისად ისინი მას მხარს არ დაუჭერენ.
"ეს კანონი არის არადემოკრატიული, ეს კანონი არის ამ მთავრობის ხელში რეპრესიული და ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ძალიან ბოროტად როგორც პოლიტიკური ოპოზიციის დევნისათვის, ასევე ადამიანის უფლებების შეზღუდვისათვის"- ამბობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
კანონპროექტი არაკონსტიტუციურს უწოდებენ "ევროპულ საქართველოში".
"აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის ფუნქციას, რომ კონტროლი განახორციელოს მთავრობაზე, აუქმებს, ვიანდიან ამ პროექტით ენიჭება უფლებამოსილება რომ შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილება, დააწესოს სხვადასხვა ტიპის შემზღუდველი რეგულაციები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრებას გაურთულებს"- თქვა კახიძემ.
კანონპროექტის ავტორი დიმიტრი ხუნდაძეა. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის მოხსნასთან ერთად, აუცილებელია ხელისუფლებამ შეზღუდვების მართვა კანონმდებლობის ფარგლებში შეძლოს:
"ვფიქრობ ეს დააზღვევს როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობას, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების მოსალოდნელ პროცესს და იქნება როგორც ჯანმრთელობის კუთხით, ასევე პოლიტიკურად სტაბილურობის გარანტი" - ამბობს ის.
კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. კერძოდ, კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.
მმართველი ძალა საკარანტინო ღონისძიებებში, ასევე მოიაზრებს ისეთ ღონისძიებებს, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად მთავრობას არ დასჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა. კანონპროექტის ინიციატორები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ, რათა, მათივე შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ "პროცესები უმართავი არ გახდეს."
"იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, კორონავირუსის (COVID-19-ის) მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, პროცესები უმართავი არ გახდეს და საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იქნეს მიღებული და ამოქმედებული", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
მასალის გამოყენების პირობები






