1 იანვრიდან წამლების რეცეპტის გარეშე გაცემა აიკრძალება, ამის შესახება ტელეკომპანია "რუსთავი-2" -ის ეთერში, ჯანდაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზი მომხმარებელზე ზრუნვა და ფარმაცევტული ბაზრის გაკონტროლებაა.
"თუ არ მოწესრიგდა საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი ქართულ მედიცინაში წინსვლა ვერ იქნება. დღეის მდგომარეობით ქართული ბაზარი სრულიად უკონტროლოა. რეცეპტის მოთხოვნის შესაძლებლობა მოგვცემს ბაზრის გაკონტროლების საშუალებას", - განაცხადა დავით მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, შეზღუდვა არ შეეხება ყველა წამალს.
"მედიკამენტები დაყოფილია სამ ჯგუფად, მესამე ჯგუფში 2500-მდე სახეობაა და მისი ნუსხა გაიზრდება, სწორედ ამ ტიპის წამლების გაცემა მოხდება ურეცეპტოდ. მარტივი ტკივილგამაყუჩებელი წამლები ურეცეპტოდ გაიცემა", - აღნიშნა ჯანდაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
მასალის გამოყენების პირობები






