"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი ნიკა მალია აცხადებს, რომ ადამიანების უფლებების დაცვა არა მხოლოდ კონკრეტულ დღეს, არამედ ყოველთვის მნიშვნელოვანია.
“თუ გვინდა, ვიაროთ განვითარების გზაზე, საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალა,რომ ყველანაირი ადამიანი ვაღიაროთ, როგორც თანასწორი, იქნებ ეს ლგბტ თემის წევრი თუ სხვა”, - ამბობს ნიკა მელიამ 17 მაისთან დაკავშირებით.
“ მარტო 17 მაისი და კონკრეტული თარიღი კი არ უნდა იყოს ცალკეული საზოგადოებრივი ჯგუფის საპატივსაცემოდ”, - ამბობს ოპოზიციის ლიდერი.
ნიკა მელიამ 90-იან წლებში იეჰოვას მოწმეებზე მომხდარი თავდასხმები გაიხსენა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ პერიოდთან შედარებით დღეს გაცილებით მეტი ადამიანია მზად, უმცირესობათა უფლებებზე ისაუბროს და დაიცვას ისინი.
“ჩვენ პროგრესს განვიცდით, ხომ? საუბარი იყო, რომ [ეს იყო] საფრთხის მატარებელი პოლიტიკოსებისთვის… თითქოს ვიღაც ადამიანს თუ დაიცავდი, ეს იყო პოლიტიკურად წამგებიანი. ქერჩის ქუჩა არის ასეთი, გრძელი ქუჩა, გლდანის რაიონში. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მაშინ იეჰოვას მოწმეებს ძალდატანებით თავს როგორ პარსავდნენ. ეს იყო 98 წელი, 18 წლის ვიყავი. ელექტროსაპარსით პარსავდნენ თავს. ამაზე მაშინ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები საუბრობდნენ. დღეს მე ვფიქრობ, არმიაა ხალხისა, ვინც უმცირესობებს იცავს. ამიტომ მხოლოდ ერთ თარიღზე არ უნდა ავიღოთ სწორება... ჩვენ გვინდა, ერთი დიდი, გიგანტური ნაბიჯი გადავდგათ კიდევ ევროპისკენ, ცივილიზაციისკენ. მაგრამ ჩვენი ჩრდილოელი მეგობარი უკან გვექაჩება. სადღაც შუაში ვართ”- დასძინა მან.
მელიას თქმით, არ სჭირდება იმ ადამიანთა ხმები, ვინც მზადაა, თანამოქალაქეს განსხვავებულობის გამო გაუსწორდეს.
“”კავკასიური ტყვე ქალი” რომ არის: გვექაჩება ცუდი გაგებით ერთი ჩრდილოელი მეგობარი უკან წარსულში, მტკივნეულ წარსულში და მეორე მხრივ, კარგი გაგებით, ხელს არ გვიშვებს ჩვენი დასავლელი პარტნიორი. ჟირინოვსკის, პუტინის პოლიტიკური ელიტა ვერასდროს შეეგუება განსხვავებულ ადამიანს რუსეთში. თუ გვინდა, ვიაროთ განვითარების გზაზე, საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალა, რომ ყველანაირი ადამიანი ვაღიაროთ, როგორც თანასწორი, იქნება ეს ლგბტ თემის წევრი თუ სხვა.
ეს არის ორჯერ ორი ოთხი და თუკი ჩემი განცხადება, მაგალითისთვის, რომელიმე პოტენციურ ამომრჩეველს გადააფიქრებინებს ჩემთვის ხმის მოცემას, პირობითად ვამბობ, დაე, არ მომცეს. მე მიმაჩნია, რომ არ მჭირდება ამომრჩევლის ხმა, რომელიც მზად არის, თავი გაუჩეჩქვოს რომელიმე თანამოქალაქეს იმიტომ, რომ ის არის განსხვავებული. უცნაური კი არა, განსხვავებული”, – აღნიშნავს მელია.
მასალის გამოყენების პირობები






