" ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლების მიუხედავად, 8 მარტის შეთანხმება ჯერჯერობით შეუსრულებელი რჩება. მისივე თქმით, მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუას საკითხზეც იყო საუბარი.
„ჩვენი დიდი იმედი გვქონდა, რომ ამ შეხვედრას ჩავატარებდით იმ პირობებში, როდესაც გიორგი რურუა ასევე გათავისუფლებული იქნებოდა საპატიმროდან, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ეს ნიშნავს იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება რჩება შეუსრულებელი ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, მოლაპარაკებებისას საუბარი იყო სწორედ გიორგი რურუაზეც. ის არის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური მედიასაშუალების თანადამფუძნებელი, მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტიური მხარდამჭერი და იმ საპროტესტო მოძრაობების, რაც იყო 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ. ამიტომ გიორგი რურუას საკითხი არის პრინციპული და ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაზეც კიდევ ერთხელ დადასტურდება ოპოზიციური ერთიანობა, რომ მისი გათავისუფლების გარეშე, ოპოზიცია ვერ შეძლებს მხარი დაუჭიროს იმ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც გადაგვიყვანდა უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს გაიაზრებს ბიძინა ივანიშვილი და შეძლებს ხელისუფლება, რომ ეს კომპონენტი, რომელიც ეხება პოლიტპატიმრებს და პოლიტიკურ დევნას, მთლიანად შესრულდეს. მოხდეს გიორგი რურუას გათავისუფლება და მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც პოლიტიკურ კონსენსუსზე იქნება დაფუძნებული. კონსენსუსი არის ის მთავარი კრიტერიუმი, რომელსაც მრავალი წელია საერთაშორისო პარტნიორები ითხოვენ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






