სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ია ანთაძე მიიჩნევს, რომ სასკოლო ოლიმპიადა არ უნდა ჩატარებულიყო. საკითხს ანთაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. "იმ ქვეყნებში, სადაც განათლებას პრიორიტეტად მიიჩნევენ, ყველა საკითხი წყდება ერთ კითხვაზე პასუხით: რა იქნება კარგი ბავშვისთვის/მოსწავლისთვის.
ჩვენთან საკითხები წყდება იმის მიხედვით, რა იქნება კარგი: სამინისტროსთვის, რესურსცენტრისთვის, დირექტორისთვის, მასწავლებლისთვის და, ბოლოს, ბავშვისთვის/მოსწავლისთვის.
ამის მკაფიო დასტურია სასკოლო ოლიმპიადა, რომელიც დღეს მაინც ტარდება, იმის მიუხედავად, რომ ტესტებმა გაჟონა და გუშინ ფეისბუკზე დაიდო. საღი აზრის და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, იმის შემდეგ, რაც ტესტები გამოქვეყნდა, ოლიმპიადა უნდა ჩაშლილიყო. მაგრამ არ ჩაიშალა, რადგან "რესურსცენტრს სხვა არაფერი მოუწერია". როგორც ჩანს, ბავშვების გარდა, ყველას ხელს აძლევს, რომ ეს ამბავი მიიჩქმალოს - ვითომც, არაფერი მომხდარა", - წერს ია ანთაძე "ფეისბუქზე".
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა საქართველოს თითქმის ყველა სკოლაში ტარდება.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ტარდება როგორც საბაზო, ისე საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, მეორე და მესამე ტური ჩატარდება მხოლოდ საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის. სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის მოსწავლეებს, შეუძლიათ შესაბამისი საგნის ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღონ (საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად).
2013-2014 სასწავლო წელს სასკოლო ოლიმპიადები ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა (ინგლისური, რუსული, გერმანული და ფრანგული ენები).
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული მასალებით, უშუალოდ სკოლები ჩაატარებენ.
მასალის გამოყენების პირობები






