"ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას მისი გათავისუფლების შესახებ. პრინციპში, არ არსებობდა არც აქამდე მისი პატიმრობაში ყოფნის საფუძველი და უბრალოდ, იმედი გვაქვს, სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. შესაძლებელია გაგრძელდეს სასამართლო სხდომა მოწმეთა დაკითხვით. კერძოდ, ბრალდების მხარის სამი პირი არის გამოძახებული, აქედან ერთი არის პოლიციის თანამშრომელი, ხოლო ორი ექსპერტი, რომლებიც მონაწილეობდნენ გიორგის ავტომობილის ჩრეკაში", - აცხადებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის სამი მოწმის დაკითხვა იგეგმება.
საქმის პროკურორის ვასილ სამხარაძის განცხადებით, არ არსებობს ახალი გარემოება იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძების სახე შეიცვალოს.
„გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე დღეს დავკითხავთ სამ მოწმეს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, რასაც დაცვის მხარე აყენებს, თავისთავად, ამ გარემოებას ჩვენ არ დავეთანხმებით, რადგან არავითარი ახალი გარემოება აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა, არ არსებობს. რაც შეეხება სამხილებს, რაც აქამდე არსებობდა ბრალდების მხრიდან, ძალაშია“,- განაცხადა პროკურორმა.
მისი თქმით, ბრალდების მხარე ხელმძღვანელობს იმ მტკიცებულებებით, რაც სისხლის სამართლის საქმეშია.
"ბრალდების მხარე აფასებს მის საფრთხეებს, რაც ბრალდებულის მხრიდან მომდინარეობს, როდესაც აღკვეთის ღონისძიებას ეხება საქმე. შესაბამისად, ჩვენ ამ გარემოებებით, ამ მოცემულობით ვხელმძღვანელობთ და აღკვეთის ღონისძიების გაუქმების რაიმე საფუძველს ჩვენ ვერ ვხედავთ. დაკითხულია ბრალდების მხარის მოწმეების მხოლოდ მესამედი, დასაკითხია მოწმეების კიდევ საკმაოდ დიდი რაოდენობა. შესაბამისად, არსებობს მტკიცებულებები“,- განაცხადა ვასილ სამხარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






