ლგბტქი+ უფლებები საქართველოში მეტ ყურადღებას საჭიროებს - გაერო-ს წარმომადგენლობის, ევროკავშირისა და რამდენიმე ქვეყნის ელჩების ერთობლივი განცხადება
პოლიტიკა - 10:09, 17 May, 2020     651

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემა, საქართველოში ევროკავშირის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, დანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩები; ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში; და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ლგბტქი+ უფლებები საქართველოში მეტ ყურადღებას საჭიროებს.

„დღეს 30 წელი შესრულდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ისტორიული გადაწყვეტილებიდან იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობად არ უნდა იქნას მიჩნეული. ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში. წელს ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHOBIT) „კოვიდ-19“-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე აღინიშნება. ვირუსის საფრთხისგან და მის შესაკავებლად გატარებული ზომების სოციალური და ეკონომიკური შედეგებისგან არავინაა დაზღვეული. თუმცა, შექმნილი ვითარება განსაკუთრებით მძიმეა მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფებისთვის, მათ შორის ლგბტქი+ თემისთვის.

ლგბტქი+ თემი მუდმივად განიცდის დისკრიმინაციასა და სტიგმას ჯანდაცვისა და სხვა სახის სერვისების მიღების დროს, რამაც პანდემიის პირობებში შეიძლება, საბედისწერო შედეგი გამოიღოს. სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის შედეგად გაიზარდა ოჯახში ძალადობის საფრთხე ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების მიმართ. ხოლო ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გამო, ბევრმა ადამიანმა, განსაკუთრებით არაფორმალურ სექტორში, საარსებო წყარო დაკარგა და შემოსავლისა და სოციალური უსაფრთხოების ქსელის მიღმა აღმოჩნდა.

ამ ვითარების გათვალისწინებით, მივესალმებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, პანდემიის დროს ხელი შეუწყოს ლგბტქი+ თემსა და მოსახლეობის სხვა მოწყვლად ჯგუფებს, რაც ადამიანის უფლებების საბჭოს და ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის მეშვეობით ხორციელდება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ლგბტქი+ თემის ხმა და დისკრიმინაციისა და მიკერძოების გარეშე მოეკიდოს მისი საჭიროებების მოგვარებას.

თუმცა, არსებული გამოწვევა მიმდინარე კრიზისის ფარგლებს სცილდება. ამ დღეს გასულ წელს საერთაშორისო ორგანიზაციებმა ხმა აიმაღლეს იმ დისონანსთან დაკავშირებით, რომელიც შეიმჩნევა ადამიანის უფლებების დაცვისა და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში საქართველოს კანონმდებლობის სულისკვეთებასა და იმ რუტინულ სტერეოტიპებსა და ძალადობას შორის, რომელსაც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.

მივესალმებით მას შემდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის 2020 წლის თებერვალში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის მე-15 თავის მიღებას, რომელიც სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერულ იდენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლგბტქი+ თემის საჭიროებებზე მორგებული სერვისების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა მკაფიო ვალდებულებებს აიღებს ამ გეგმის შესასრულებლად და ამ მიმართულებით მყისიერ და კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამს.

ყველა დონის სამთავრობო უწყებებმა მტკიცედ უნდა იმოქმედონ, რათა ლგბტქი+ ადამიანებმა საფრთხისა და შიშის გარეშე შეძლონ თავისი უფლებების განხორციელება და საკუთარი იდენტობის გამოვლენა. თუმცა პასუხისმგებლობა ამით არ ამოიწურება. რელიგიურ და სათემო ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთლიანად საზოგადოებას უდიდესი როლი აკისრია საქართველოში ტოლერანტობის კლიმატის შექმნის საქმეში.

„კოვიდ-19“-მა საქართველოს საუკეთესო მხარეები გამოავლინა, დაგვანახა ადამიანების სოლიდარობა, მათი მზაობა, იმოქმედონ სხვისი ინტერესების გათვალისწინებით. იმედი გვაქვს, რომ მომავლში ეს სულისკვეთება საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების სრულ მრავალფეროვნებაზე, მათ შორის ლგბტქი+ თემზე გავრცელდება, რაც ჰარმონიული და მდგრადი საზოგადოების მშენებლობას შეუწყობს ხელს.

ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ვხედავთ საქართველოს მომავალს, სადაც განვითარების მიღმა არავინ დარჩება“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42