ყოფილი მაღალჩინოსანი "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ ხელსიუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვებისგან მძიმედ დაზარალდნენ სტუდენტები, რადგან ბევრმა მათგანმა დაკარგა შემოსავალი.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს ხელისუფლებას, რომ ამ სასწავლო წლის მეორე სემესტრის საფასური ყველა მათგანს განათლების სამინისტრომ დაუფაროს და გადამალული "მილიონები" ახალგაზრდებს მოახმაროს.
ამასთან, შაშკინი რუსული წარმოების "ჟიგულს" ადარებს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ონლაინ განათლება ტელე გაკვეთილებით ჩაანაცვლა.
დიმიტრი შაშკინი "ნიუპოსტთან" სამი მთავარ კითხვას ასახელებს, რომელიც მისივე თქმით, ხელისუფლებამ უპასუხოდ დატოვა:
"ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობისგან, "ქართული ოცნებისგან" რამდენიმე შეკითხვაზე პასუხს ელოდებოდა, რომელიც პოსტ კრიზისულ განათლებას და პანდემიის დროს განათლების პრობლემებს შეეხებოდა. ეს იყო სამი მარტივი შეკითხვა, რაზეც საზოგადოებას პასუხის მიღება სურდა.
ცალკე უნდა აღინიშნოს, ისც რომ ამ პრობლემატურ შეკითხვაზე მთავრობამ ყველაზე ბოლოს მოიცალა, ნება იბოძა ესაუბრათ განათლების სისტემაზე. ამ სურათმა აჩვენა, რამდენად უმნიშვნალოა ხელისუფლებისთვის განათლების პრობლემები. ეს მაშინ, როცა განათლება პოსტკრიზისულ პერიოდში წამყვანი უნდა იყოს, რადგან საქართველოს მომავალი განათლებაზე გადის. ჩვენი შვილების ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი. თუმცა "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც განათლება არ გააჩნია, ჩათვალა, რომ საქართველოს მომავალს განათლება არ სჭირდება.
გადავიდეთ, იმ სამ შეკითხვაზე, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა და რომელზეც საქართველოს ხელისუფლებამ პასუხი არ გასცა.
ნომერ პირველი შეკითხვაა - პანდემიის პირობებში, განათლების სამინისტრომ ონლაინ სწავლების აწყობის მექანიზმი რატომ ჩააგდო?! ბრმა და ძალიან ჯიუტი უნდა იყო, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლების ჩავარდნა არ აღიარო. სამინისტრომ ვერ მოახერხა, ვერ ააწყო ონლაინსწავლება, არადა ამაში ძალიან დიდ ფულს იღებს. მასწავლებლები 19-19 ლარს აგროვებდნენ, რომ ბავშვებისთვის ინტერნეტი ჩაერთოთ, რადგან გაკვეთილები ვერ ტარდებოდა. ონლაინ გაკვეთილების ნაცვლად, მთავრობამ ტელე გაკვეთილები შექმნა, სატელევიზიო განათლება ეს მეოცე საუკუნეა. გადახედეთ განვითარებულ ქვეყნებს, ან იმათ ვინც ჩვენთან ახლოს არიან, არ ვსაუბრობ პოსტსაბჭოურ ბლოკზე, ვსაუბრობ იმ ქვეყნებზე, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ ვითარდებიან და ზრუნავენ განათლებაზე.
მსოფლიოს მასშტაბით ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელსაც საქართველოს მსგავსი უტიფარი მთავრობა ჰყავდეს და გაებედა მოსწავლეებისთვის ონლაინ გაკვეთილის ნაცვლად, სატელევიზიო გაკვეთილები შეეთავაზებინა.
სატელევიზიო განათლება ონლაინ განათლებას ვერასდროს შეედრება, ეს იგივეა ერთმანეთს შეადაროთ "ჟიგული" და "მერსედესი". ჩვენმა განათლების სამინისტრომ "ჟიგული" აირჩია, ხელისუფლება, რომელიც გარდა იმისა რომ კორუმპირებული და არაკვალიფიციურია, ის უტიფარიცაა.
გუშინ განათლების სამინისტრო მოსახლეობას უტიფრად უმტკიცებდა, რომ სატელევიზიო გაკვეთილები 21-ე საუკუნის მიგნებაა. არადა ამ საუკუნეში განათლება აგებულია ინტერაქციაზე და ამას ნებისმიერი პროფესიონალი დაგიდასტურებთ. თუ დღევანდელ ხელისუფლებას გონია, რომ ტელევიზორს შეიძლება ელაპარაკო, ეგ მძიმე სამედიცინო დიაგნოზია. ონლაინ განათლების ნაცვლად, ტელე სწავლების შეთავაზება ძალიან დიდი უტიფრობაა. რისთვის არსებობს სკოლა, მასწავლებელი?! ეს იგივეა რომ მოსწავლეს მხოლოდ წიგნის წაკითხვა შესთავაზოთ. საჭიროა ინტერაქცია! შეფასებისა და სხვა კომპონენტები.
უცნობია, როგორ აპირებს შემდეგში განათლების სამინისტრო ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას, რადგან დაზღვეულები არ ვართ და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.
მეორე შეკითხვა, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა არის ის რომ რა უნდა გაკეთდეს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლის საფასურის გადახდა ვერ მოახერხა.
მოგეხსენებათ, რომ კორონაპანდემიის დროს საქართველოში 800 000 - მა თვითდასაქმებულმა შემოსავალი დაკარგა. სტუდენტები, რომლებიც საკუთარი შრომით, დღიური ანაზღაურების შედეგად მიღებული თანხით იხდიდნენ სწავლის საფასურს, დღეს უმუშევრად არიან დარჩენილები. უმუშევრად დარჩნენ მათი მშობლებიც, რომლებიც სწავლის საფასურის გადახდაში ეხმარებოდნენ შვილს. ამ ადამიანებს საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი შესთავაზა. ეს მაშინ, როცა განათლების სამინისტროს მილიარდზე მეტი ბიუჯეტი აქვს და თავისუფლად შეიძლებოდა, 2019-20 წლის სასწავლო წლის მეორე სემესტრის მათთვის სახელმწიფოს დაეფარა. ეს ფული სამინისტროს ბიუჯეტში არის. პანდემიის პირობებში უამრავი ეკონომიაა გაკეთებული. თუ განათლების სამინისტროს ფულის დათვლა არ შეუძლია, დიდი სიამოვნებით დავეხმარები და ვაჩვენებ თუ სად აქვთ თანხები გადამალული, რომელსაც ახალი მანქანებისთვის და პრემია-დანამატბისთვის იყენებს.
მესამე შეკითხვა შეეხებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას - აქაც ხელისუფლებამ ბუნდოვნად გვითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა არავის უთქვამს როგორ აპირებენ ბავშვების უსაფრთხოების დაცვას.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს მთავრობას სთავაზობს გამოიყენონ ჩვენი გამოცდილება და გადადგით სწორი ნაბიჯები: ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეს. 14 ცენტრის ნაცვლად, შექმნან 80, რომ თითო ცენტრში აბიტურიენტთა მინიმალური რაოდენობა იყოს. ანუ მთელ იმერეთს ქუთაისში ჩასვლა არ მოუწევს, სამეგრელოს - ზუგდიდში, აჭარას - ბათუმში და ასე შემდეგ. ყველა რაიონში უნდა იყოს 1 ან 2 ცენტრი.
ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ 2012 წლის გეგმას, როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ერთ კონკრეტულ დღეს არ ტარდებოდა არამედ ბავშვს ჰქონდა არჩევანი, ჩაებარებინა სამჯერ და ოთხჯერ და შეუძლია თავისი ქულის გამოსწოება. ხელისუფლების ცვლილებამდე ჩვენ შევთავაზეთ მოსახლეობას რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები წელიწადში ოთხჯერ ჩატარებულიყო. ბავშვი თვითონ გადაწყვეტს როდის ჩააბარებს და თუ სურვილი ექნება როდის გამოასწოროს ქულა. ამისთვის სახელმწიფოს ფული აქვს და ბავშვებს არ უნდა წეწავდნენ გამოცდების საფასურის გადახდით. ეს უნდა იყოს გაუქმებული. ამის ინფრასტრუქტურა ჩვენ ხელისუფლებას დავუტოვეთ, და იმედი მაქვს რომ ისევ არსებობს. ჩვენ, "ნაციონალურ მოძრაობას" ჩამოთვლილ სამ კითხვაზე პასუხი და გამოსავალი გვაქვს, თუმცა ხელისუფლებამ რაც გააკეთა ეს ცუდ სიზმარშიც არ დაგვესიზმრებოდა. ხელისუფლება რომელიც მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ზრუნავს და მოსახლეობის პრობლემები საერთოდ არ აწუხებს"- აღნიშნა შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






