"ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონული ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ აქვთ კონკრეტული ფაქტები, რომ ამანათები გადაეცათ ისეთ ადამიანებსაც, ვინც არ საჭიროებდა დახმარება.
მისივე განცხადებით, არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, რომ სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხით შეძენილი პროდუქტები შერჩევით დარიგდა.
"რვავე მუნიციპალიტეტში გამოიყო კონკრეტული თანხები, შეძენილ იქნა ამანათები და შემდგომ დარიგებული იქნა შესაბამის ოჯახებში. ჩვენ გვაქვს არა მარტო საფუძვლიანი ეჭვი, არამედ კონკრეტული ფაქტები, რომ აღნიშნული ამანათები გადაეცათ ისეთ ადამიანებსაც, ვინც არ საჭიროებდა ამ დახმარებას და ძალიან ბევრ ისეთ ადამიანს, რომელიც ნამდვილად საჭიროებდა დახმარებას და არის უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში, არ მიუღია არანაირი დახმარება.
მედიასთან ერთად მინდა მივმართო გუბერნატორის ადმინისტრაციას, რომ რვავე მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოციალურ პაკეტებზე გამოყოფილი და გახარჯული თანხის შესაბამისი დოკუმენტაცია გადმომცენ.
გვაქვს შემდეგი კითხვები, რაზეც ვითხოვ პასუხს: რა თანხა დაიხარჯა რვავე მუნიციპალიტეტის მასშტაბით; რამდენი ცალი ამანათი დარიგდა, რა პროდუქტი და რა რაოდენობა შედიოდა არსებულ ამანათში, რა პრინციპით და ვის მიერ მოხდა ბენეფიციარ პირთა შერჩევა; ბენეფიციარ პირთა ვინაობა მისამართების მითითებით", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
მასალის გამოყენების პირობები






