ოპოზიციის წარმომადგენელმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის განცხადებას სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა, სადაც აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ გამოუვა "ის ტყუილები და თაღლითობა, რასაც საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ეწევა":
„მივმართავ „ქართულ ოცნებას“ არ გამოგივათ რუსული ე.წ სუვერენული დემოკრატიის გზით სვლა! მეგობრებო, არ გამოგივათ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება. არ გამოგივათ ის ტყუილები და თაღლითობა, რასაც თქვენ ახლა ეწევით საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. თქვენი იმიჯი, თქვენი სახე, თავიდან ბოლომდე იცის მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ. ჩვენ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაგვიჭერს საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით და ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის ნების თავისუფალ დემოკრატიულ განვითარებას.
არ გეგონოთ, რომ თქვენი ქმედებებით შეცვლით ამ მიმართულებას. ყველა ხელისუფლებამ, ვინც სცადა საქართველოში დემოკრატიის ხელყოფა კრახით დაასრულა და მომავალშიც აუცილებლად კრახით დაასრულებს. განწირულია თქვენი ნაბიჯები რუსული ე.წ სუვერენული დემოკრატიის გზით სვლის. დამერწმუნეთ, რომ ამას არ დაუშვებს, არც საერთაშორისო ცივილიზებული სამყარო და პირველ რიგში, ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი. ასე, რომ მარტივი საკითხია დარჩენილი შეასრულეთ შეთანხმება, რომელიც 8 მარტს გავაფორმეთ. ხომ დამთავრდა ყველა სპეკულაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ხომ დაგისვეს წერტილი, წერტილი და კიდევ ერთხელ წერტილი! ბატონო გახარია რომელზეც გუშინ საუბრობდით. მსურს მივმართო ბატონ არჩილ თალაკვაძეს და ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომლებიც ჩვენთან ერთად ისხდნენ მოლაპარაკებებზე. ნუთუ არ გცხვენიათ?! რომ მოლაპარაკებებზე, სადაც კამერები არ არის ერთს საუბრობთ, საჯაროდ გამოდიხართ და ასე ცრუობთ და იტყუებით. იოტისოდენა სინდისი და მორალური სტანდარტი მაინც ხომ უნდა გქონდეთ. რა არის ამ თანამდებობებზე ასე ჩაბღაუჭება?! ასე შეიძლება გეშინოდეს ადამიანს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების?! შეიძლება, რომ სახელმწიფო ასეთი საფრთხის წინაშე დააყენოთ?!
ასევე მსურს მივმართო მოსახლეობას ვიყოთ ერთიანები, ძლიერები და აუცილებლად გავიმარჯვებთ. სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს ტყუილზე, ისევე როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა.“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ცნობილია, რომ 8 მარტს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მიღწეული ისტორიული შეთანხმება ორნაწილიანია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე პროპორციით განაწილებას და ასევე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს.
შეთანხმება, რომ ორი ნაწილისგან შედგება 11 მაისს, აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადებით დაადასტურეს.
მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატების მხრიდან მკაფიო განცხადებაბის გაკეთება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ამაზე პასუხისმგებელი ოპოზიცია იქნება.
მმართავლი პარტია ირწმუნება, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს.
საპირისპიროს ამტკიცებენ ხელისუფლების ოპონენტები მათი თქმით, დოკუმენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილების უზრუნველყოფასთან ერთად პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებასზეც არის საუბარი.
მასალის გამოყენების პირობები






