გრიგოლ ვაშაძის თქმით, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწია ხაზის გასმა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ, და რომ მოლაპარაკების ორივე მხარემ პირუთვნელად უნდა შეასრულოს დანაპირები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიული ქვეყნის სტატუსი დაზიანდა.
მისი თქმით, ყველამ გაიგო, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს.
ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ სამწუხაროდ მედიატორებს მოუწიათ ახსნა, თუ რა არის მათი როლი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში.
„ჩვენს მედიატორებს მოუწიათ ჩარევა ოპოზიციისა და ხელისუფლების დიკუსიაში. იმის ახსნა, თუ რა არის მედიატორების როლი ამ შეთანხმებაში, იმის ახსნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება, რადგან ეს ჩვენი შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იყო, სამწუხაროდ, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწია. მას მოუწია ხაზის გასმა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ პოლიტპატიმრები 21-ე საუკუნეში საქართველოში არსებობენ, ხაზის გასმა იმისთვის, რომ ყველა მონაწილემ, რომელიც ამ შეთანხმების ნაწილი იყო, უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულებები, ხაზის გასმა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი მოკავშირეები სერიოზულ ყურადღებას აქცევენ, როგორ შესრულდება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება.
აი, რა შედეგი მიიღო ხელისუფლებამ: დაზიანდა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია, ყველამ გაიგო, რომ ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა ნეგატიურ შედეგს, რომელსაც ხელისუფლების უადგილო, უშინაარსო და ყოვლად უტაქტო განცხადება მოიტანს, ამაზე სრულ პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ და მის ყველა ლიდერს“,- განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






