ოჯახის მტკიცებით, ბავშვმა ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.
მოზარდის დედა ბელა ასატუროვა დღეს პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა და პოლიციელის დასჯა მოითხოვა.
"ეკა ისაკაძემ, გამომძიებელმა, იძალადა ბავშვზე, როგორც ფსიქოლოგიურად ისე მორალურად. ისაკაძე ეუბნებოდა, შენ რომ ჩემი შვილი იყო, გაგგლიჯავდი შუაზეო. ბავშვმა სცადა თვითმკვლელობა, ჯერ აივნიდან გადახტომა, შემდეგ ტუალეტში ჩაიკეტა და უნდოდა ხელების გადაჭრა. ვეხვეწეთ, რომ რამე არ ჩაედინა", - აცხადებს ბელა ასატუროვა.
ადვოკატის ინფორმაციით, ეკა ისაკაძეს ტყიბულის პოლიციიის უფროსი მფარველობს. უფლედამცვალის თქმით, მაღალჩინოსანმა ოჯახს დაწერილი განცხადების უკან გატანა მოსთხოვა.
"ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი, რომ დაისაჯოს უმკაცრესად პოლიციის აღნიშნული თანამშრომელი, რადგან ის სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას 13 წლის მოზარდზე"- თქვა ლევან ჭელიძემ.
თავად გამომძიებელი, ეკა ისაკაძე ბრალდებებს უარყოფს.
"თუკი ვინმეს რაიმე კითხვა იქნება, ყველა შესაბამის ორგანოს გავცემ პასუხს. კარგად ბრძანდებოდეთ, ასეთი ფაქტი არ ყოფილა", - თქვა პოლიციელმა.
ნიუპოსტს" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






