როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. ამასთან დაკავშირებით „დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ გელა კვაჭანტირაძემ გააკეთა განცხადება:
„დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაცია მიესალმება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ქვეყანაში გაატაროს რადიკალური სოციალურ - ეკონომიკური რეფორმები, რაც აუცილებელია უკრაინის დემოკრატიული განვითარების და ევროატლანტიკურ სივრცეში მისი შემდგომი ინტეგრაციის წარმატებისთვის. უკრაინის, როგორც ყველაზე დიდი და გეოპოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის რეფორმების წარმატებაზე, რა თქმა უნდა დიდადაა დამოკიდებული სხვა, შედარებით მცირე სიდიდის პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების თავისუფლების განმტკიცების და განვითარების პროცესები - მათ შორის იგულისხმება საქართველო, მოლდოვა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები.
უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად ბატონი სააკაშვილის მიწვევა, რა თქმა უნდა მისი, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეფორმატორი ლიდერის უდავო აღიარებაა.
დღეს, როდესაც ყველამ - როგორც ქართულმა საზოგადოებამ, ასევე ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე სრულიად ნათლად დაინახეს ივანიშვილის ხელისუფლების „სიტყვის ფასი“ და მათ მიერ შერჩევითი სამართლის ღიად გამოყენების პრაქტიკა, კიდევ უფრო აშკარა გახდა წინა ხელისუფლების მიმართ მისი არაჯანსაღი, არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულების არსი და მოტივები. ამასვე ადასტურებს ივანიშვილის ხელისუფლების პროტესტი და ის არაადეკვატური რეაქცია, რაც მოჰყვა უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად ბატონი სააკაშვილის მიწვევას.
დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეფორმების წარმატების და მათი აქტიური თანამშრომლობის საერთო ფრონტის არსებობის გარეშე, მუდმივად მზარდი რუსული საფრთხის პირობებში, ამ ქვეყნებისთვის ძალიან რთული იქნება დამოუკიდებლობის შენარჩუნება და განვითარება. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს და ქართველი პოლიტიკური ლიდერების მიერ შეტანილი წვლილი თავისუფლებისთვის მებრძოლი ქვეყნების საერთო ფრონტის წარმატებაში. ხოლო ნებისმიერი ოლიგარქიული ხელისუფლების მიერ, ნებისმიერი საბაბით, თავისუფლების ამ ტალღის წინააღმდეგ წასვლა რა თქმა უნდა ცალსახად ნიშნავს რუსული იმპერიული თამაშის წისქვილზე წყლის დასხმას.
დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაცია წარმატებებს უსურვებს ბ-ნ მიხეილ სააკაშვილს ამ ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში, წარმატებებს უსურვებს უკრაინის ხელისუფლებას და რეფორმების საბჭოს, წარმატებებს უსურვებს ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს თავისუფლების და განვითარების გზაზე“.
მასალის გამოყენების პირობები






