ქართული ოცნების დეპუტატი, კახა კუჭავა ამბობს, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობა "გაცილებით დაბალი დონისაა".
"როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც სტრატეგიული პარტნიორია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა მიიღეს უკრაინის პარლამენტში და არ დაუჭირეს მხარი იმ ადამიანის დანიშვნას, რომელიც ძებნილია. გაცილებით დაბალი დონის თანამდებობაზე დანიშვნა ის საკითხია, რომელიც კონსულტაციებს საჭიროებს. ამიტომ გამოიწვიეს ელჩი და კონსულტაციების შემდეგ ჩამოვაყალიბებთ პოზიციას"- აცხადებს კუჭავა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი კი აღნიშნავს, სააკაშვილი დაინიშნა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, თუმცა ესეც მიუღებელია.
„მოგეხსენებათ, მისი კანდიდატურა განიხილებოდა ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, ის რომ ასეთი დანიშვნა არ მოხდა, მიუთითებს იმაზე, რომ ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით უკრაინის პოლიტიკურ სპექტრში არის ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანწილად გათვალისწინებული იქნა ის პოზიცია, რომელიც ჩვენ გვქონდა მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი დაინიშნა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, ესეც არის მიუღებელი გამომდინარე იქიდან, რომ იგი არის მსჯავრდებული და მსჯავრდებულთან მიმართებით სხვა კითხვები უნდა ჩნდებოდეს და არ უნდა ხდებოდეს მისი დანიშვნა თუნდაც ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. რაც შეეხება ელჩის გამოძახებას, ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ დანიშვნის ფაქტი რამენაირად შეიძლება უარყოფითად აისახოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად ვერანაირად ვერ აისახება ჩვენს ურთიერთობებზე, ელჩის გამოძახება მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დანიშვნიდან გამომდინარე გარკვეული კონსულტაციები მოხდეს მასთან, რათა ეს ფაქტი ნეგატიურად არ აისახოს მომდევნო ურთიერთობებზე,“- აცხადებს კახიანი.
ვოლოდიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 45 მილიონიანი ქვეყნის რეფორმების საბჭოს უხელმძღვანელებს.
მასალის გამოყენების პირობები






