„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ "დროა ლაპარაკი დავიწყოთ იმაზე, რომ დღესვე ვიცოდეთ რა ვითარებაში ვატარებთ არჩევნებს".
"შემოდგომაზე უცბად არ აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამ ვითარებაში არჩევნების ჩატარება მისაღები არ იქნება. ისინი ახლა თვლიან, აწყობთ თუ არჩვნები შემოდგომაზე და იმის მიხედვით იმოქმედებენ. თუმცა, არ უნდა დავუშვათ ოპოზიციამ მთლიანად, რომ ხელისუფლებამ თავის თავზე მოირგოს არჩევნების ჩატარების თარიღი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, გავაცოცხლებთ ყველა ფორმატს, რათა არ დავუშვათ, რომ ხელისუფლებამ ისე ჩაატაროს არჩევნები, როგორც მას აწყობს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ აბესაძე აღნიშნავს, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ოქტომბერში და აუცილებლად უნდა ჩატარდეს იმ შეთანხმების შესაბამისად, რაც ვალდებულებებიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო.
„მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ „ევროპული საქართველოს“ სახელით, რაც შეიძლება მოხსნას არაგონივრული შეზღუდვები და ზოგადად, სწრაფად იფიქროს საგანგებო მდგომარეობის მოხსნაზე ისე, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა არ დავაზიანოთ. ეს ყველაფერი ცხადს გახდიდა, რა პოლიტიკური პროცესი შეიძლება წარიმართოს არჩევნებამდე, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს ოქტომბერში და აუცილებლად უნდა ჩატარდეს იმ შეთანხმების შესაბამისად, რაც ვალდებულებებიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო“, - განაცხადა აბესაძემ.
პარტია „სამართლიანობის“ ლიდერი აღნიშნავს, რომ საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებები სწრაფად და დროულად განხორციელდეს, რადგან ოქტომბერი ახლოვდება, ცვლილებების განხორციელებას კი დრო სჭირდება.
„მე მაქვს პირადად მოლოდინი, რომ ვადის გაგრძელების საკითხს ვეღარ დააყენებენ. უკვე უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. ოქტომბერი გვიახლოვდება, საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები. ამ ყველაფერს დრო სჭირდება“, - აცხადებს ეკა ბესელია.
პარტია „ტრიბუნას“ წარმომადგენლის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო პერიოდში არაკონკურენული გარემოს შექმნას ცდილობს, რათა ამით თავიანთი უპირატესობა დამტკიცდეს.
„ეპიდემიას კი არ ებრძვიან ებრძვიან პოლიტიკურ გარემოს და აქედან გამომდინარე, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ისეთი არაკონკურენტული გარემო შექმნას, სადაც გარკვეულწილად უპირატესობა ექნებათ. ყოველ ასეთ გადადგმულ ნაბიჯს, ყოველ ასეთ შეზღუდვას რომლებიც უსამართლოა, საკმაოდ მძიმე შედეგი ექნება მათთვის“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






