ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ივანიშვილის გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების პოლიტიკური ნება არ აქვს და 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას არ ასრულებს.
ხელისუფლების ოპონენტები შეთანხმების შესრულების მთავარ მოთხოვნად პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ასახელებს.
„ის შეთანხმება, რომელიც არსებობს ხელისუფლებას, ოპოზიციასა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შორის, უნდა შესრულდეს. ანუ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს, ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ, საარჩევნო სისტემის რეფორმას, ჩვენ აქ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა და ველოდებით, რომ ხელისუფლება ამ შეთანხმების თავის ნაწილს შეასრულებს, ამის მერე უკვე შესაძლებელი იქნება ნორმალური სარჩევნო კამპანიის ჩატარებაც და არჩევნების ჩატარებაც. მაგრამ ხელისუფლებას თუ აქვს ის განცდა, რომ გადააგდებს ყველას, საერთაშორისო საზოგადოებას, ოპოზიციას, მოსახლოებას და ამ შეთანხმების თავის ნაწილს არ შეასრულებს, მაშინ შეთანხმება არ შედგება და ის დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჰქონდა ჩვენს პარტნიორებს,წერილი წერილზე იწერებოდა და ძალიან მკაცრი შეფასებები იყო, ეს ყველაფერი აღდგება და ნორმალური წინასაარჩევნო ვითარება არ იქნება და ეს არ მგონია, აწყობდეს ივანიშვილს“,- აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე.
დაიწყეს განცხადებების გაკეთება, რათა შეგვაგუონ, რომ წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად არ იქნება, მაგრამ ახლა „ქართულ ოცნებას“ გახურებული საარჩევნო კამპანია აქვს, განსაკუთრებით იყენებენ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და ცნობილ ადამიანებს,- ეს განცხადება კი „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“გადაცემა Newsroom-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი პანდემიურ ვითარებას წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს.
„ნათლად ვხედავ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ პანდემია გამოიყენოს წინასაარჩევნო პერიოდისთვის, გამოიყენოს არა ისე, რომ შეასრულოს ყველა ის დაპირება, რომელიც 8 მარტს იქნა მიღწეული, არამედ გამოიყენოს იმ მიმართულებით, რომ უკვე დაიწყეს განცხადებების გაკეთება, რომ შეგვაგუონ, რომ წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად არ იქნება, რომ ყველაფერი მაქსიმალურად იქნება შეზღუდული, მაგრამ ახლა „ქართულ ოცნებას“ გახურებული საარჩევნო კამპანია აქვს, განსაკუთრებით იყენებენ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და ცნობილ ადამიანებს, რომელთა მხრიდანაც უკვე ცალკეული პოლიტიკური განცხადებებიც კეთდება. ამ ადამიანების გამოყენებით და ამ ადამიანების ზურგს ამოფარებულები შეეცდებიან, საარჩევნო კამპანია ჩაატარონ, ეს არ გამოუვათ“,- განაცხადა ბურჯანაძემ.
პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში ჩართული საერთაშორისო დიპლომატები ხელისუფლების ქმედებებს აკვირდებიან.
"დარწმუნებული ვარ, რომ არ შესრულდეს რომელიმე პირობა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებაში იყო, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება ქვეყნის დემოკრატიისთვის"- აღნიშნავს ბესელია.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობაც და ეპიდემიაც დასრულდება და ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, "ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლება კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებით სარგებლობს.
"ხელისუფლება ამ კრიტიკული სიტუაციით სარგებლობს. მაქსიმალურად წელავს ამ პროცესს, მაგრამ კიდევ ერთხელ მივმართავ მათ: სჯობს, დროულად შეასრულონ მოთხოვნა, როგიორც პატიმრების გათავისუფლება, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება პარლამენტში.
მასალის გამოყენების პირობები






