ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსანი დააკავეს.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, გაფორმების ეკონომიკური ზონა "თბილისის" ლოჯისტიკის სამმართველოს მთავარი ოფიცერი კირილე მელქაძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, სამსახურებრივი უფლებამოვალეობების შესრულებისას ყალბი ინვოისის საფუძველზე საქონლის განბაჟებაში დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, მეწარმისგან ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






