გაერო სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ დაუშვებელია კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის საბაბით ადამიანის უფლებების დარღვევა. საგანგებო უფლებებით აღჭურვა ხელისუფლებებმა არ უნდა გამოიყენონ კრიტიკის ჩასახშობად, მოსახლეობის კონტროლისა და საკუთარი მმაღთველობის გახანგრძლივების მიზნით, - განაცხადა გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების დარგში მიშელ ბაჩელეტმა.
იგი აცხადებს, რომ დაფიქსირებულია რამდენიმე ათეული შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლება საგანგებო რეჟიმის დროს ადამიანის უფლებებს არღვევს. დაფიქსირებულია ფაქტები, როდესაც სამართალდამცავებმა ადამიანები მოკლეს.
გაეროში აცხადებენ, რომ სიცოცხლის უფლება, აუცილებელი საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგება, გაცილებით უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებელი შეზღუდვები. ამასთან ნებისმიერი შეზღუდვა თანაზომადი უნდა იყოს დროში.
გაეროს ადამიანის უფლებების დეპარტამენტის მონაცემებითმ საგანგებო მდგომარეობა ამ დროისთვის 80 სახელმწიფოშია გამოცხადებული, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში სხვადასხვა სახის შეზღუდვები მოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები






