დაბნეულობა 300-ლარიანმა დახმარებამ გამოიწვია.
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ანტიკრიზისული გეგმა არ პასუხობს არსებულ გამოწვევებს:
„ის, რაც ვიხილეთ - რაღაც სლაიდების სახით, ანტიკრიზისული გეგმა - ეს არის არც თუ ისე მიმზიდველი სურვილების ერთობლიობა. ძალიან მწირია დახმარება უმუშევრებისთვის და გაურკვეველია მხარდაჭერა ბიზნესისადმი", - ამბობს რომან გოცირიძე.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მალე ქვეყანაში დიდი ეკონომიკური კრიზისი დაიწყება და უმუშევრად დარჩენილ ხალხს კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება.
გიგა ბოკერია დარწმუნებულია, რომ გახარიას მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმა ნეპოტიზმის წაახალისებს:
„ეს არის მაგალითი, როგორი გაუაზრებელი და საზიანოა გეგმა - სადაც რთულია გარკვევა, უნდა იყოს ერთგვაროვანი მიდგომა. სადაც მარტივია, უნდა იყოს კრიტერიუმი. ჩვენი გეგმა სწორედ ამას გამოიწვევს. ასეთი გაურკვევლობა გამოიწვევს ნეპოტიზმის წახალისებას და მერე უნდა არკვიონ, ვინ სად მუშაობს", - აცხადებს გიგა ბოკერია.
არსებული ანტიკრიზისული გეგმის განხორციელების პროცესი წარმოუდგენლად მიაჩნია პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერს:
„შოკში ვარ, რომ ხალხი ამდენი ხანია მშიერია და როგორც იქნა, გეგმა წარმოადგინეს და ახლა თურმე ბიუროკრატიას უნდა მოანდომონ კიდევ ერთი თვე, სანამ მას განახორციელებენ. ეს წარმოუდგენელი პროცესია და როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ როგორც გაძარცვეს ბიუჯეტი და უზრუნველად ცხოვრობენ, ხალხიც ასე ცხოვრობს", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






