ოპოზიციაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურებიან.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მასობრივი ტესტირება ყველა ქვეყანაში პრევენციის საშუალებაა და მათთვის გაუგებარია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები. მათი შეფასებით, ხელისუფლება ფარად იყენებს მედიკოსებს და ისინი, საკუთარი უუნარობის გადასაფარად, პოლიტიკურ პროცესში ჩართეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ხელისუფლების შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ მასობრივი ტესტირების ჩატარება 1 თვით დაგვიანდა.
"ხელისუფლებამ დაუშვა სერიოზული შეცდომა. ერთი თვით დააგვიანა ქვეყანაში მასობრივი ტესტირების დაწყება. დღესაც არ არის იმ ზომით, რომელიც საჭიროა ამ ვითარებაში. რისკის ქვეშ ჩააყენა ათასობით ადამიანი და პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი. ახლა ღვრიან ნიანგის ცრემლებს", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ ექიმების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება შეურაცხმყოფელია.
"2 დღე არის ვისმენთ როგორც მორალურად, ისე ინტელექტუალურად შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ფაქტობრივად, ტესტირება მთელ მსოფლიოში ნიშნავს, რომ ეს არის ვირუსის აფეთქების პრევენცია. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ და ივანიშვილმა აიფარა ექიმები და აკეთებინებს პოლიტიკურ განცხადებებს", - ამბობს სერგო რატიანი.
"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძის თქმით, მასობრივი ტესტირება არ ტარდება იმისთვის, რომ მომავალში მმართველმა გუნდა პანდემიის კარგად მართვით მოიწონოს თავი.
"ის, რომ საქართველოში არ ხდება საყოველთაო ტესტირება, ეს მიზანმიმართულია და ამას აქვს კონკრეტული მიზეზი. პირველი - ფიქრობენ, რომ ამ ციფრებს შეინარჩუნებენ და იტყვიან, რომ კარგად ებრძოლნენ კორონავირუსს, მეორე - ზედამხედველის ფუნქცია, რომელიც გაუტკბა "ქართულ ოცნებას", უნდათ, რომ მაქსიმალურად გაწელონ. სამწუხაროა, რომ ექიმები იჭრებიან პოლიტიკაში და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. ამ განცხადებებს ეფარება "ქართული ოცნება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






