„დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ ეკონომიკურ ვითარებასთან და მთავრობის მიერ გაცხადებულ ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, გააკეთა განცხადება:
„როგორც ცნობილია, ქვეყანაში შექმნილ ისედაც ძალიან რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას თან დაერთო პანდემიით გამოწვეული მთელი რიგი ობიექტური პრობლემები, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა და მოსახლეობა ფაქტიურად აღმოჩნდა ფიზიკური ყოფნა-არყოფნის ეგზისტენციალური საფრთხის ზღვარზე.
როგორც განვლილი ორი თვის ანალიზი აჩვენებს, ქვეყნის ხელისუფლება ამ საფრთხეს სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. მთავრობამ პანდემიის წინააღმდეგ ისეთი ცალმხრივი და პრიმიტიული სტრატეგია დაისახა, რომლის გაძლება ძალიან გაუჭირდებოდა ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერ და ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებსაც კი.
ამ ე.წ. სტრატეგიის არსი როგორც სჩანს გულისხმობს ფაქტიურად ქვეყნის მთელი ეკონომიკის გაჩერებას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მოსახლეობისთვის ყოველგვარი გადაადგილების აკრძალვას, მათ სახლებში გამოკეტვას და არაადეკვატურად მკაცრ ჯარიმებს საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის. ასეთ პირობებში რა თქმა უნდა მთელი სიმძიმე გადავიდა ჩვენი ექიმების მხრებზე, რომლებმაც ნამდვილად თავი არ დაზოგეს და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთეს პანდემიის შესანელებლად.
პრობლემისადმი ხელისუფლების ასეთმა რადიკალურმა, ცალმხრივმა მიდგომამ პანდემიის შეჩერების პირველ ეტაპზე რა თქმა უნდა გარკვეული პოზიტიური შედეგი გამოიღო, თუმცა გასათვლელი იყო პროცესის მეორე მხარეც, კერძოდ ის, რომ ქვეყანა არანაკლებ ეკონომიკურ ზიანს მიიღებდა პროცესის განვითარების შემდგომ ეტაპზე, რომელიც ასევე პირდაპირ უკავშირდება მოსხალეობის ფიზიკური გადარჩენის პრობლემას.
ვფიქრობ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ხელისუფლებამ ეს თავისი ცალმხრივი გეგმაც კი ძალიან ცუდად შეასრულა:
1. პანდემიის სტარტზე ექიმების თავდადებული შრომის ხარჯზე მოგებული ძვირფასი დრო ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ გამოიყენა და ვერ შეძლო მომზადების სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება. მაგალითად, ვერ შეძლო ქვეყანაში ხარისხიანი სწრაფი ტესტების საკმარისი რაოდენობით შემოტანა და აგრესიული ტესტირების სტრატეგიის განხორციელება, რითაც სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მოსახლეობის ინფიცირების ამჟამად არსებული სტატისტიკა, რომლითაც ასე ბაქიბუქობს თავად ხელისუფლება.
ჩატარებული ტესტირების ძალიან მცირე მასშტაბის და ვირუსის მატარებელი უსიმპტომო პაციენტების კონტროლის არარსებობის გამო ჩვენ ფაქტიურად არ ვიცით ქვეყანაში პანდემიის რეალური სურათი!
2. უფრო მეტიც, ხელისუფლების ამ ცალმხრივ, ხისტ „სტრატეგიას“ მთავარი საფუძველი გამოაცალა და აზრი დაუკარგა თავად ხელისუფლების ორმაგმა სტანდარტმა და შერჩევითმა სამართალმა, როცა მან ვერ/არ შეძლო მოსახლეობის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ქვეყნის კანონის მოქმედება გაევრცელებინა ეკლესიაზე. ხელისუფლების ამ არასწორმა ქმედებამ თუ რა მძიმე შედეგები გამოიღო ეს ჯერ კიდევ ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან სერიოზული, დამატებითი რისკები შექმნეს.
ხელისუფლების მიერ არჩეული სტრატეგიის არაკვალიფიციურობა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა მის მიერ ახლახანს წარმოდგენილ ე.წ. ანტიკრიზისულ პროგრამაში, რომელიც იმდენად გაუაზრებელი და ზედაპირულია, რომ ვფიქრობ სერიოზულ განხილვასაც კი არ იმსახურებს, თუმცა მაინც აღვნიშნავ ზოგიერთ საყურადღებო მომენტს:
1. მოსახლეობისთვის დაწესებული შეზღუდვების ლიბერალიზაციის დაწყება მაშინ, როცა ჯერ ვირუსის გავრცელების პიკს არ მიგვიღწევია ნიშნავს იმას, რომ ან ეს შეზღუდვები თავიდანვე არასწორად იყო დაგეგმილი, ან ხელისუფლების მოქმედებაში საერთოდ არანაირი ლოგიკა არ არსებობს.
2. სამსახურდაკარგული ადამიანების კატეგორიისთვის 6 თვეზე გაწელილი თვეში 200 ლარიანი დახმარება ეს სრულიად არაეფექტური და უაზრო ღონისძიებაა, რომელიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მისი გათვლა არანაირ კავშირში არაა ქვეყნის ეკონომიკის და სამუშაო ადგილების რეაბილიტაციასთან და მითუმეტეს კავშირში არაა მოსახლეობის ყოფის შემსუბუქების რეალურ ზრუნვასთან.
3. შემოსავალდაკარგული თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის დაპირება, იმ შემთხვევაში როცა მათ თვითონ უნდა დაუმტკიცონ მთავრობას თავისი სტატუსი, ესეც რა თქმა უნდა მორიგი განუხორციელებელი სამთავრობო ტრიუკია და მეტი არაფერი.
4. პრობლემური სოციალური კატეგორიების ბაზების მოუწესრიგებლობა და მთავრობის სოციალური დახმარებების თუ შეღავათების სრულიად არაეფექტური „თარგეთირება“, რაც სახეზეა, იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლებას ან ნაკლებად აღელვებს მოსახლეობის რეალური მდგომარეობა და პრობლემები, ან უბრალოდ არ შეუძლია მისი მართვა.
5. ანტიკრიზისული გეგმის „ლოგიკიდან“ საერთოდ ამოვარდნილია მომავალი წლიდან პენსიების გაზრდის დაპირება და სრულიად არასწორია მისი ინდექსაციის მიბმა ინფლაციის პროცესზე (და არა ეკონომიკური ზრდის სიდიდეზე).
6. ეკონომიკის და ბიზნესის მიმართ შემუშავებული ე.წ. „ანტიკრიზისული პაკეტი“ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან საერთოდ არ არის გათვალისწინებული არც დარგობრივი კლასტერული მატრიცა, არც დარგობრივი ლიბერალიზაციის ეტაპობრივი სქემა, არც შესაბამისი ფისკალური თუ ფინანსური მარდაჭერის რაიმე სხვა ტიპის სისტემური სქემა და ა.შ.“
მასალის გამოყენების პირობები






