საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერს ოფიციალურ წერილს უგზავნის და აღნიშნავს, რომ ვიცეპრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა შეარყევს ურთიერთნდობას ორ სახელმწიფოს შორის და ჩრდილს მიაყენებს ორ მთავრობას შორის ურთიერთობას.
დიდად ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც ურთიერთგეგებას ეფუძნება. საქართველო და უკრაინა დამოუკდებელი და სუვერენული სახელმწიფოები არიან, დიდი მიღწევებითა და გამოწვევებით. ჩვენ საერთო ინტერესები და მიზნები გაგვაჩნია ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
სწორედ ეს განსაკუთრებული ურთიერთობა მაძლევს უფლებას წერილით მოგმართოთ თქვენ და ჩემს კოლეგებს “ვერხოვნა რადა”-ში, რათა ჩვენი წუხილი გაგიზიაროთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.
ბატონო სპიკერო, ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულმა სასამართლოებმა დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის რიგი სერიოზული ბრალდებებით. ამ მძიმე დანაშაულებში მისი ბრალეულობა დაადასტურა სამივე ინსტანციის სასამართლომ.
ბატონ სააკაშვილს ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა მისი ადმინისტრაციის პირობებში ადამიანის უფლებათა სისტემურ ჩავარდნებზე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებების დარღვევებზე და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საფრთხეში ჩაგდებაზე. შესაბამისად, მისი შესაძლო დანიშვნა შეარყევს ურთიერთნდობას ჩვენს სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს შორის.
მისი შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას. ჩვენ ბევრი საერთო გამოწვევა და მიზანი გვაქვს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე, ასევე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით.
გწერთ, რადგან მჯერა, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ეს გარემოებები და ესმოდეთ ჩვენი შეშფოთების საფუძველი, რომელიც უკრაინელი კოლეგებისთვისაც უნდა იყოს ცნობილი გადაწყვეტილების მიღებამდე.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა გაგრძელდება მომდევნო წლებში ჩვენი ერების საუკეთესო ინტერესებისთვის", - ნათქვამია არჩილ თალაკვაძის ოფიციალურ წერილში, რომელიც მან უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერს დმიტრო რაზუმკოვს გაუგზავნა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს რეფორმების მიმართულების კურირება და ვიცეპრემიერის თანამდებობა ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა. საქართველოში ამ ფაქტის გახმაურებას ოფიციალური თბილისის მწვავე რეაქცია მოჰყვა. პრემიერმინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორისგან მიუღებელია არაერთ დანაშაულში მხილებუკლი და რამდენიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირის დანიშვნა ვიცეპრემიერად. მისი თქმით, უკრაინიდან ელჩი ჯერ არ გამოუწვევიათ, მაგრამ თუ მიხეილ სააკაშვილი დაინიშნება, "რეაქცია აუცილებლად იქნება".
მიხეილ სააკაშვილმა დღეს რადის ყველაზე დიდ ფრაქციაში "ხალხის მსახური" ეკონომიკური პროგრამა წარადგინა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინა ეკონომიკური ცუნამის წინაშეა და, მისი თქმით, საჭიროა ეფექტური მოქმედება, რათა დარტყმა, რაც შეიძლება, სუსტი იყოს და უკრაინა ამ სიტუაციიდან ღირსეულად გამოვიდეს.
მასალის გამოყენების პირობები






