საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის ვიცე-პრემიერობა და ეკონომიკური რეფორმების კურატორობა ოფიციალურად შესთავაზა, რადაში მისი პირველი მოსმენის შედეგებზე და შტაბეჭდილებაზე "ფეისბუქში", საკუთარ გვერდზე დაწერა.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ საჭიროა სწრაფი და სერიოზული ცვლილებები და რომ უკრაინას უახლოვდება დიდი გამოცდა, რომლის მსგავსი ქვეყანას არ გაუვლია დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის ვიცე-პრემიერობის კანდიდატი წერს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის, რადაში მისი ფრაქციისა და სხვა დეპუტატების მხარდაჭერის იმედი აქვს და ხუთშაბათის კენჭისყრისთვის მოემზადება:
"რა თქმა უნდა, იყო იმედი, რომ რადაში ჩემს დასამტკიცებლად ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე კენჭისყრა დღეს შედგებოდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ პრეზიდენტ ზელენსკისა და "ხალხის მსახურის" (ზელენსკის ფრაქცია რადაში, ყველაზე დიდი ფრაქცია საკანონმდებლო ორგანოში, -რედ.) დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერაში, ასევე, სხვა ფრაქციებისაც, ამიტომ მოვემზადოთ კენჭისყრისთვის ხუთშაბათს.
მე ისევ მზად ვარ დავეხმარო, კონსულტაცია გავუწიო და ხელი შევუწყო უკრაინაში გამეფებული, გაბანკროტებული ძველი სისტემის რეფორმირების ყველა მცდელობას, რადგან გველოდება ყველაზე სერიოზული ეკონომიკურ-საზოგადოებრივი გამოცდა, რაც კი გაუვლია უკრაინას დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა.
დღევანდელ მოვლენებთან დიდი საზოგადოებრივი რეზონანსია დაკავშირებული და აჩვენებს, რომ არის სრული ურთიერთგაგება, რომ საჭიროა სწრაფი და სერიოზული ცვლილებები და ეს ჩვენი საერთო გამარჯვების იმედს იძლევა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს რეფორმების მიმართულების კურირება და ვიცეპრემიერის თანამდებობა ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა. საქართველოში ამ ფაქტის გახმაურებას ოფიციალური თბილისის მწვავე რეაქცია მოჰყვა. პრემიერმინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორისგან მიუღებელია არაერთ დანაშაულში მხილებუკლი და რამდენიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირის დანიშვნა ვიცეპრემიერად. მისი თქმით, უკრაინიდან ელჩი ჯერ არ გამოუწვევიათ, მაგრამ თუ მიხეილ სააკაშვილი დაინიშნება, "რეაქცია აუცილებლად იქნება".
მიხეილ სააკაშვილმა დღეს რადის ყველაზე დიდ ფრაქციაში "ხალხის მსახური" ეკონომიკური პროგრამა წარადგინა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინა ეკონომიკური ცუნამის წინაშეა და, მისი თქმით, საჭიროა ეფექტური მოქმედება, რათა დარტყმა, რაც შეიძლება, სუსტი იყოს და უკრაინა ამ სიტუაციიდან ღირსეულად გამოვიდეს.
მასალის გამოყენების პირობები






