დეპუტატებს მთავრობის მეთაურთან კონკრეტული კითხვები აქვთ, რითია კონკრეტული შეზღუდვების დაწესება აუცილებლობა განპირობებული.
"მიუღებელია, როდესაც ჩვენ უმნიშვნელოვანეს საკითხზე მომხსენებლად არ გვყავს პრემიერმინისტრი. არ შეიძლება გამოგზავნო თანამშრომლები, პარლამენტის უპატივცემულობაა ეს, გეგმის წარმოუდგენლობასთან ერთად", - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა ოთო კახიძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საგანგებოს პირობებში მთავრობას უზარმაზარი უფლებები ეძლევა საფინანსო სფეროში.
"ამიტომ უნდა მოსულიყო დღეს დილით, მოგვესმინა ეკონომიკური ნაწილის განმარტება, რას აპირებდნენ და ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვეტდით დაგვეჭირა თუ არა მხარი", - ამბობს გოცირიძე.
თუ რატომ არ მიდის პარლამენტში პრემიერი გიორგი გახარია გაუგებარია უმრავლესობის კიდევ ერთი ყოფილი წევრისთვის. ლევან გოგიჩაიშვილიც მიიჩნევს, რომ გახარიამ პარლამენტში კითხვებს უნდა უპასუხოს.
"არის ეს კრიზისები, მაგრამ მე ვერ ვხვდები, რატომ გაურბის პრემიერმინისტრი, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს იმისა, რომ მაგალითად, მოერიდოს ჩემს კითხვას პარლამენტში იმიტომ, რომ როგორღაც სახელმწიფო მანქანა ახერხებს, პოზიტიურად წარმოაჩინოს ეს ყველაფერი, მაგრამ პრემიერმინისტრი რატომ არ მოდის პარლამენტში? არ სცემს პარლამენტს პატივს? არ სჭირდება კითხვებზე პასუხის გაცემა იმიტომ, რომ ჩაატარებს ბრიფინგს და ამაზე ყველაფერს ისედაც უპასუხებს?!" - ამბობს გოგიჩაიშვილი.
კრიტიკის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საკითხს პარლამენტში კონსტიტუციით ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს და სამართლებრივ საკითხებზე პრემიერმინისტრის წარმომადგენელი ისაუბრებს.
"ჩვენ ხომ ახლა დღეს არ ვმსჯელობთ იმაზე, რა იქნება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოყენებული შეზღუდვებად, თუ რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს მთავრობა, რომელსაც დელეგირებული აქვს, უფლებამოსილებები ამ შემთხვევაში, რომ ეს შეზღუდვები დააწესოს ან მოხსნას", - ამბობს თალაკვაძე.
ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს. მათი თქმით, მთავრობამ ჯერ კონკრეტული ეკონომიკური გეგმა უნდა წარმოადინოს.
მთავრობა გეგმა არ წარმოუდგენია, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით მაინც მიმართა პრეზიდენტს. საგანგებოს 22 მაისამდე გახანგრძლივებას პარლამენტში კენჭი დღეს უნდა უყაროს. 27 აპრილამდე კვლავ ძალაში რჩება მანქანით გადაადგილების შეზღუდვა. მოქმედებს კომენდანტის საათიც.
მასალის გამოყენების პირობები






