ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამასთან, კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა მედიას სასიხარულო ინფორმაცია ამცნო, რომ საავადმყოფოს 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი ტოვებს. აზქიდან ერთი ორი წლის ბავშვია, მეორე კი მოზრდილი მამაკაცი.
რაც შეეხება სასულიერო პირის მდგომარეობას, რომელიც კლინიკაში მკურნალობს, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილური და გაცილებით უკეთესია.
„ სულ დადასტურებული შემთხვევა გვაქვს 21. დღეს 14 ადამიანი ელოდება კვლევაში ჩართვას. 4 ადამიანი რჩება საყურადღებო. მათ ორმხრივი პნევმონია აქვთ და ასევე ლაბორატორიული მაჩვენებლებიც საყურადღებოა. დანარჩენი პაციენტები თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ. სულ კლინიკაში მკურნალობს 48 პაციენტი, მათ ნაწილს უარყოფითი პასუხები აქვთ, მაგრამ საეჭვო სიმპტომები აქვთ. უმეტეს შემთხვევაში პაციენტებს აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა და მშრალი ხველა. ეს არის ძირითად შემთხვევაში სიმპტომები. თუმცა, არის შემთხვევები, როცა სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნებათ, მაგრამ როგორც ოჯახის წევრები, უწევთ გამოკვლევა“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






