თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლიბერთი ბანკის“ ყველაზე მსხვილი აქციონერის 51 პროცენტიანი წილი დააყადაღა. მიზეზი სასამართლოს მიერ სახალხო ბანკის ყოფილი მეპატრონეების სარჩელის წარმოებაში მიღება გახდა.
სახალხო ბანკის ყოფილი მფლობელები 2008 წლის 29 ნოემბრის მოვლენებს იხსენებენ, როდესაც აქციების უდიდესი წილის მფლობელს, ირინა ჯინჭარაძეს და სხვა აქციონერებს 120 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება იძულებით, 10 მილიონად დაათმობინეს.
„ლიბერთი ბანკის“ კიდევ ერთი მეწილე, რომელიც აქციების 10 პროცენტს ფლობდა, აცხადებს, რომ წილების გადაფორმება დილის 5 საათზე მოხდა. სახალხო ბანკის ძველი მფლობელები ნოტარიუსის გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სახელსაც ახსენებენ, რომელიც მათი თქმით, წილის დათმობასთან დაკავშირებულ მოვლენებს უშუალოდ აწარმოებდა. სახალხო ბანკის ყოფილი მფლობელების ბრალდებებს ეროვნულ ბანკში კატეგორიულად უარყოფენ. ჩარევის მიზეზად კი ბანკის კრიზისულ მდგომარეობას ასახელებენ.
მოსარჩელე მხარის განცხადებით „სახალხო ბანკი“ 2008 წლის 29 ნოემბერს ობშორში დარეგისტრირებულ ფირმაზე „ევრო ოილზე“ გადაფორმდა, რომლის წარმომადგენელიც „ნიუ ენერჯის“ ერთ-ერთი მეწილის ახლონათესავია. 10 მილიონად ნაყიდი ბანკი კი მალევე 15 მილიონად საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ იყიდა.
2008 წლის 29 ნოემბერს სახალხო ბანკის საეჭვო ვითარებაში გასხვისების საკითხს საეჭვო ვითარებაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას პროცესის დასრულების შემდეგ მიაწვდიან.
მასალის გამოყენების პირობები






