აქამდე შედარებით კარგი შედეგი გვაქვს სავარაუდოდ იმიტომ, რომ მთავრობამ საკმაოდ ადრე შემოიღო მეტად დრაკონული ზომები - ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.
გია ნოდიას თქმით, ეკლესიის თემა ნელ-ნელა მეორე პლანზე გადაიწევს და საზოგადოების მთავარი კითხვა ის იქნება თუ რამდენხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი. შეზღუდვების მრავალი თვით გაგრძელება ნოდიას შეუძლებლად მიაჩნია.
„ბოლო კვირები ვცხოვრობდით აღდგომის მოლოდინში, უფრო სწორად, აღდგომის შიშით. საპატრიარქოს უმსგავსო ქცევამ ეს დღესასწაული მთავარ ეროვნულ საფრთხედ აქცია.
ახლა თითქოს ამოვისუნთქეთ: წირვებზე ნაკლები ხალხი მივიდა, ვიდრე ველოდით. ეპიდემიის დიდი აფეთქება შეიძლება არც მოხდეს, თუმცა ზუსტად ეს მაინც არ ვიცით.
ნებისმიერ შეთხვევაში, ეკლესიის თემა ალბათ ასე თუ ისე მეორე პლანზე გადაიწევს. რაც ნიშნავს, რომ მეტი ხალხი დასვამს უბუნებრივეს კითხვას: რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? უკვე ვკითხულობთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კარანტინის წესები ნელ-ნელა სუსტდება (თუმცა ბოლომდე არსად არ იხსნება). სულ უფრო გაძლიერდება მოლოდინი, რომ ჩვენთანაც აქეთ უნდა წავიდეს საქმე.
მეორე მხრივ, თუ ეპიდემიის დასასრული ნიშნავს ვაქცინის შექმნას და შემდეგ მის გლობალურ გავრცელებას, მაშინ ყველაზე ოპტიმისტური სცენარით კიდევ ერთი წელი უნდა ვიყოთ ისე, როგორც ვართ, უფრო რეალისტურით - ორი წელი. ამასობაში, პირდაპირი აზრით შიმშილით შეიძლება მეტი ხალხი დაიხოცოს, ვიდრე კორონავირუსით.
აქამდე შედარებით კარგი შედეგი გვაქვს სავარაუდოდ იმიტომ, რომ მთავრობამ საკმაოდ ადრე შემოიღო მეტად დრაკონული ზომები. მაგრამ ამ ზომების შენარჩუნება მრავალი თვის მანძილზე ძნელადაა წარმოსადგენი. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ არის, ბევრი კი უბრალოდ ეკონომიკურად ვერ გაქაჩავს. რაღაცა უნდა შეიცვალოს, მაგრამ როდის, როგორ, რამდენად?
კარგი გამოსავალი არ არსებობს, მაგრამ მთავრობას ევალება, რაღაც გეგმა ჰქონდეს და ხალხს რაღაცა აუხსნას. ეტყობა სამაგისო რამე? მე ვერ შევატყვე. არა მგონია, რომ მხოლოდ ეკლესიასთან მიმართებაში „უ....ა“ იყოს მისი ერთადერთი პრობლემა (თუმცა ესეც სერიოზული პრობლემაა)“,- წერს ნოდია სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






